პირდაპირი მოქმედება — [Direct Action Georgia]

Posted on 13 октября, 2010 от

0


<<პირდაპირი მოქმედების>> მანიფესტი

თანამედროვე განათლება.

საქართველოში განათლება ავტორიტარულია. განათლების სისტემა დაფუძნებულია კონკურენტული ბრძოლის და იერარქიის პრინციპებზე, რაც ბადებს სოციალურ ატომიზაციას და შესაბამისად იწვევს ურთიერთდახმარების და სოლიდარობის ინსტიტუტების განვითარების შეფერხებას. ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის სტუდენტურ გარემოში თავისუფლების და თანასწორობის არსებობას.

«ოფიციალური» პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ.

არსებულ პირობებში, როდესაც საბაზრო ურთიერთობები აქტიურად იმკვიდრებენ თავს განათლების სფეროში, განათლების მიღების შესაძლებლობა ხდება სულ უფრო ნაკლებად მისაწვდომი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. სასწავლებლები ყურადღებას უთმობენ შემოსავლის მიღებას, და არა სტუდენტების დახმარებას ცოდნის გაღრმავებაში. ამასთანავე სწავლის პირობები და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებენ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სასწავლო პროცესში რადიკალური, საფუძვლიანი ცვლილებების შეტანით. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ პერმანენტული რეფორმები, კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ წყვეტენ განათლებაში არსებულ პრობლემებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, განათლების ხარისხის რეალური ამაღლება და არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ თავისუფალი სტუდენტური მოძრაობის და განვითარებული სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის შედეგად. ჩვენ ვდგავართ ლიბერტარიანული (თავისუფალი) პედაგოგიკის პრინციპებზე.

მიზნები.

თავისუფალი პროფკავშირის (სინდიკატის) მიზანია დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის შექმნა მოქმედებების კორდინაციის და ორგანიზების თავისუფალ, ჰორიზონტალურ პრინციპებზე. სინდიკატის მიზანი არის სასწავლო პროცესის რეგულირება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის მიერ.

რადგან სასწავლო პროცესი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პიროვნების, და შესაბამისად მთლიანობაში საზოგადოების ფორმირებაზე, განათლების სისტემაში არსებული ავტორიტარული პრინციპები ღრმად უარყოფითად მოქმედებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ გულგრილნი ძირეული გამანთავისუფლებელი მოძრაობების მიმართ, და აუცილებლად მიგვაჩნია გავუწიოთ აქტიური დახმარება ყველას, ვინც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს. ჩვენ ასევე ვუცხადებთ სოლიდარობას უცხოეთის ყველა დამოუკიდებელ სტუდენტურ პროფკავშირს და გამანთავისუფლებელ მოძრაობას. ავტორიტარიზმისგან განათლების განთავისუფლების საქმე ყველა ქვეყნის სტუდენტისთვის საერთოა.

ყოველდღიური საქმიანობა.

ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებში ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ მიმართულებებზე:

მონაწილეობა სტუდენტურ ბრძოლაში:

სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა და გაფართოება (სწავლის პირობებბი, სტიპენდიები, სწავლის საფასური და ა.შ.)

ბრძოლა ადმინისტრაციის უფლებების შეზღუდვისთვის, საბოლოო ეტაპზე ადმინისტრაციის ჩანაცვლება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობით.

მონაწილეობა სოციალურ ბრძოლაში, რაც გულისხმობს:

ბრძოლა სიტყვის, პრესის, შეკრების, პიროვნების თავისუფლებისთვის და ა.შ.

ბრძოლა შოვინიზმის, ნაციზმის და სხვა ანტიჰუმანური მოძრაობების და მოვლენების წინააღმდეგ.

ამ მიმართულებებით ჩვენი მოქმედებების მეთოდები:

ჩვენი პოზიციის გავრცელება ბეჭვდითი და სიტყვიერი ფორმით, გაზეთების, ჟურნალების, პროკლამაციების გამოშვება, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.

პირდაპირი მოქმედების აქციები:

პიკეტები, დემონსტრაციები, პასიური წინააღმდეგობა, გაფიცვები და ბრძოლის სხვა მეთოდები.

ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა.

გაუმარჯოს რეალურ თვითმართველობას!

თავისუფლება! თანასწორობა! სტუდენტური სოლიდარობა!


Posted in: Uncategorized