ბიოლოგიური ფაქტები და პოლიტიკური ინტერპრეტაციები

Posted on Ноябрь 30, 2010 от

1



ირინა ტარტაკოვსკაია
სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
სამარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი


,,უმოწყალოდ გავცალკევდით ქალებად და მამაკაცებად’’

ალექსადრე დოლსკის რომანტიკულ სიმღერაში სიტყვა ,,უმოწყალოდ’’ (და, სავსებით ნათელია, უკომპრომისოდაც) იმას აღნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები ერთმანეთისაგან თავიანთი არსითვე განსხვავდებიან. მიღებულია, ეს განსხვავება ჩაითვალოს დამტკიცებულად და მეცნიერულად დადასტურებულად: ბოლოს და ბოლოს, ისინი ასეთ განსხვავებულებად თვითონ ბუნებამ შექმნა (ან, უფალმა ღმერთმა _ გააჩნია კონტექსტს) . ზოგჯერ სასარგებლო იქნებოდა საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებს რომ მივბრუნებოდით და დაგვესვა, ერთი შეხედვით, გულუბყვილო კითხვები: მაინც რამდენად განსხვავდებიან მამაკაცები ქალებისგან და რაში მდგომარეობს ეს ,,სასტიკი’’ განსხვავება? საღი აზრის დონეზე ის ნათელია: ქალისა და მამაკაცის სხეულს განსხვავებული ანატომიური აგებულება, ასევე, განსხვავებული რეპროდუქციული ფუნქციები აქვს. ჩვეულებრივ, სწორედ ამ განსხვავებიდან გამომდინარეობს ქალისა და მამაკაცის უკვე არა ფიზიოლოგიური, არამედ ,,ბუნებრივი’’ განსხვავება, ქალის მიზნების, ურთიერთობის სტილისა და საქციელის განსხვავება.
რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა სქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავება რომ უარგვეყო. საკითხავი ისაა, როგორი სოციალური შედეგები მოყვება ამ განსხვავებას: ნამდვილად არის კი ანატომია ადამიანის ბედი, როგორც ამას ფროიდი წერდა? და, რაც მთავარია, როგორია ეს ბედი? რა არის განპირობებული დაბადებიდანვე და რა არის დამოკიდებული კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებზე და იმ აზრზე, რასაც საზოგადოება დებს ,,მამაკაცისა’’ და ,,ქალის’’, ,,მამაკაცურობისა’’ და ,,ქალურობის’’ გაგებაში?!
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია განვიხილოთ ,,ბიოლოგიური არგუმენტები’’, რომლისკენაც ილტვიან ესენციალისტები, ანუ ადამიანები, რომლებიც ქალისა და მამაკაცის ,,ბუნებას’’, ფსიქოლოგიას, ვნებებსა და მოთხოვნილებებს მათი ბიოლოგიური არსიდან გამომდინარედ მიიჩნევენ.

რეპროდუქციული განსხვავებები

(ეს თავი დაწერილია ავსტრალიელი სოციოლოგის, რ. კონელის მიერ ჩატარებული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე)

დავსვათ, ერთი შეხედვით, უცნაური კითხვა: მაინც რატომ განსხვავდება ქალისა და მამაკაცის სხეული? რისთვისაა საჭირო ეს ბიოლოგიური თვალსაზრისით?
ადამიანებს, ისევე, როგორც უამრავ სხვა ბიოლოგიურ სახეობას, მათ შორის ცხოველებისა და მცენარეების უმრავლესობას, სქესობრივი რეპროდუქციის სისტემა გააჩნიათ. ანუ, მათ კვლავწარმოებაში მონაწილეობს არა ერთი, არამედ ორი ინდივიდის კოდირებული გენმეტიკური ინფორმაცია. სქესობრივი რეპროდუქცია ბუნებაში ყოველთვის არ არსებობდა. ის ევოლუციის მსვლელობისას, დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ გაჩნდა. მანმადე ცხოველური ორგანიზმები კვლავწარმოებისთვის სულაც არ იყენებდნენ სქესობრივ მექანიზმებს. ბევრ მათგანს კი, დღემდე არ გააჩნია სქესი. ზოგიერთ ორგანიზმს, მაგალითად ორქიდეას, შეუძლია გამრავლება როგორც სქესობრივი გზით, ისე უსქესოდ. ბიოლოგები ამ დრომდე კამათობენ, თუ რატომ გაჩნდა სქესობრივი განსხვავება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სქესობრივი გამრავლების მექანიზმი ცვალებადობის უფრო სწრაფ ტემპს უზრუნველყოფს. სხვათა აზრით კი, ის მავნე მოტივაციების დაგროვებას უშლის ხელს.
სქესობრივი გამრავლება მაინცდამაინც არ მოითხოვს, რომ სხეულებს შორის იყოს სქესობრივი განსხვავება. ჭიაყელებში მაგალითად, ყველა ინდივიდი ჰერმაფროდიტია და აწარმოებს როგორც სათესლე ნივთიერებას, ისე კვერცხუჯრედს, რომელსაც ეს უკანასკნელი ანაყოფიერებს. ამიტომ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია შეასრულოს მდედრი ინდივიდის ფუნქციაც და მამრისაც. სხვა ბიოლოგიურ სახეობებში კონკრეტულ ინდივიდს შეუძლია აწარმოოს ან მხოლოდ თესლი, ან მხოლოდ კვერცხუჯრედი. ამიტომ, ასეთი სახეობების წარმომადგენელთა სხეული დიმორფულია, ანუ ორ განსხვავდებულ სქესობრივ ფორმად არსებობს. ადამიანები ცოცხალ ორგანიზმთა სწორედ მოცემულ კატეგორიას მიეკუთვნებიან.
ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაცია კოდირებულია დნმ-ში და ინახება ქრომოსომებში, მიკროსკოპულ სტრუქტურებში, რომლებსაც შეიცავს ნებისმიერი მცენარისა თუ ცხოველის ყველა უჯრედის ბირთვი. გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა სქესობრივი რეპროდუქციით, სანახევროდ გამომდინარეობს მდედრი ინდივიდის გენეტიკიდან და მას შეიცავს კვერცხუჯრედი. მეორე ნახევარს კი _ მამრის გენეტიკურ ინფორმაციას _ სპერმატოზოიდის უჯრედები შეიცავს. ადამიანის ორგანიზმის უჯრედები შეიცავს 46 ქრომოსომას, რომლებიც წყვილებადაა შეერთებული. ამ წყვილთაგან ერთ-ერთია პასუხისმგებელი ადამიანის სხეულის ქალური, ან მამაკაცური მახასიათებლების განვითარებაზე. ქალებს აქვთ ორი X ქრომოსომა. მამაკაცებს კი ერთი X და ერთი Y ქრომოსომა. ქრომოსომათა ამ წყვილში ჩადებულ გენეტიკურ ინფორმაციაზეა დამოკიდებული სქესობრივის სისტემის ორგანოების განვითარება და ფიზიოლოგიური განსხვავების განსაზღვრა.
ძუძუმწოვრებში მდედრი ინდივიდები კვერცხუჯრედებს აწარმოებენ, ასევე ატარებენ ჩანასახს საშვილოსნოთი, რომელიც იცავს მას. შემდეგ კი, სპეციალური ორგანოების დახმარებით რძით კვებავენ თავიანთ ნაშიერებს. ზოგიერთი (მაგრამ არა ყველა) ძუძუმწოვრისა და ჩიტის შემთხვევაში მამარი ინდივიდები ფლობენ დამატებით განსხვავებულ თვისებებს. მაგალითად, ხარირმებს დიდი რქები აქვთ, მამალ ფარშევანგებს კი გრძელი, ფერადი კუდები. ადამიანებიც, ძუძუმწოვართა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც ძლიერ დიფერენცირებული სქესობრივი სისტემა გააჩნიათ, მაგრამ დანარჩენში, სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური განსხვავებები საკმაოდ მცირეა _ მამაკაცებს არც დიდი რქები აქვთ და არც კაშკაშა კუდები. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანის სხეული ბოლომდე დიმორფულია. არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ორივე სქესის ნიშნებს აერთიანებს: მაგალითად, არსებობენ ქალები, რომლებსაც მეორე X ქრომოსომა არ გააჩნიათ, მამაკაცები, რომელთაც დამატებითი X ქრომოსომა აქვთ და ა.შ. ბიოლოგმა ენ ფაუსტო-სტერლინგმა გამოთვალა, რომ შერეული სასქესო ორგანოებით დაბადებულ ადამიანთა პროცენტული მაჩვენმებელი 1.7-ია _ დიდი წილი არაა, ოღონდ მის მიღმა მილიონობით ადამიანი დგას.

    ქალისა და მამაკაცის სხეული:
    რა ვიცით ჩვენ მათზე სინამდვილეში

თვითონ ქალსა და მამაკაცს შორის რეპროდუქტიული განსხვავების არსებობის ფაქტი, ცხადია, უდავოა. მაგრამ, სადაო კიარადა, მწვავე დისკუსიების საგანია ის საკითხი, თუ რა დასკვნებს გამოვიტანთ ამ ყოველივედან.
პირველ რიგში, ადმიანის ცნომიერებაში ფიქსირდება მთავარი სხვაობა ორ სქესს შორის: ქალებს შეუძლიათ ბავშვების გაჩენა, მამაკაცებს კი არა. ქალები და მამაკაცები განსხვავსებიან ასევე განსაზღვრული ბიოლოგიური კრიტერიუმებით _ ქრომოსომების წყობით, ჰორმონებით, თავის ტვინის ზომით და მეორეული სასქესო ნიშნებით.
შესაძლებელია ადამიანის სქესის განმსაზღვრელი შემდეგი ნიშნების გამოყოფა:

1) გენეტიკური (ქრომოსომების წყობა _ ქალური _46XX, მამაკაცური _ 46XY)
2) ჰონადური (რეპროდუქციული ფუნქცია _ ქალებს აქვთ საკვერცხეები და კვერცხუჯრედები, მამაკაცებს- სათესლეები და სპერმატოზოიდები)
3) ჰორმონალური ( სქესობრივი ჰორმონები _ქალებს უმუშავდებათ ესტროგენები, მამაკაცებს _ ანდროგენები)
4) სომატური (სასქესო ორგანოთა და მეორეულ სქესობრივ ნიშანთა განვითარება)
5) ფსიქოლოგიური (საკუთარი სქესის გაცნობიერება ინდივიდის მიერ, მისი სქესობრივი მისწრაფება)
6) სამოქალაქო (საპასპორტო)

პირველი ოთხი ნიშანი ბიოლოგიურია. მეხუთე, ფსიქოლოგიური მახასიათებელი _ სოციალურ-ბიოლოგიური. ხოლო სამოქალაქო ნიშანი_ სოციალური.
ხშირად მეორდება მამაკაცსა და ქალს შორის სოციალური და ბიოლოგიური განსხვავების ერთმანეთისაგან განუყოფლობის, სოციალური განსხვავების ბიოლოგიური განსხვავებით მკაცრი დეტერმინაციის წარმოჩენის მცდელობები. ,,ქალურობისა და ,,მამაკაცურობის’’ ბუნების შესახებ დისკურსში აქტიურად იხსენიებენ ადამიანის ორგანიზმის აგებულების ბიოლოგიურ სპეციფიკას. მაგალითად, ზოგიერთი ავტორის აზრით, ქალების ტვინის უფრო მცირე ზომა მიუთითებს მათ ინტელექტუალურ არასრულფასოვნებაზე მამაკაცებთან შედარებით (მაგრამ, ქალებს არც უფრო მცირე ტვინი აქვთ და არც უფრო მსუბუქი სხეულის ზომასა და წონასთან შედარებით და ასეთი გაზომვები შეუძლებელია განსხვავებული გონებრივი შესაძლებლობების მაჩვენებლად მოვიყვანოთ). ასევე ითვლებოდა ქალებისთვის დამახასიათებელი ჰორმონთა ნაკრები მათი საქციელის ,,ირაციონალურობის’’ მიზეზად. ამ ლოგიკიდან გამდინარეობს გარდაუვალი დასკვნა, რომ ქალები თავიანთი ინტელექტუალური სისუსტის გამო არ გამოდგებიან საქმიანობათა მთელი რიგისთვის. ეს ქალებისთვის შეუფერებელი საქმიანობები გულისხმობს არა იმდენად მძიმე ფიზიკურ შრომას, რამდენადაც საპასუხისმგებლო საქმიანობებს.
მსგავსი ლოგიკის მაგალითების პოვნა შეიძლება ერთობ პოპულარულ სოციალურ-ბიოლოგიურ ლიტერატურაშიც. ასე მაგალითად, ლ. ტაიგერი და რ. ფოქსი თავიანთ ნაშრომში ,,იმპერიული ცხოველი’’ (1971) წერენ, რომ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ განსხვავებული ,,ბიოგრამები’’ (გენეტიკური პროგრამები), რომლებიც ორივე სქესს უწესებს ქცევის სპეციფიკურ ფორმებს. მამაკაცური ბიოგრამა გულისხმობს აგრესიულობასა და ბატონობისაკენ მისწრაფებას, ქალური კი, პირველ ყოვლისა, მოდგმის გაგრძელების ინსტინქტს. ამ ბიოგრამათა წყალობით ხდება სახეობებში შრომის სქესობრივი დანაწილება.
სხვა ავტორები მაინცდამაინც არ ესწრაფვიან ისეთ რთულ ტერმინებს, როგორიცაა ,,ბიოგრამები’’ და უბრალოდ ფიზიკური ძალის მიხედვით განსხვავებებზე წერენ. რამდენჯერ მოხდომია თითოეულ ჩვენგანს ისტორიის მოსმენა მამაკაცზე, რომელიც ოდესღაც მამონტზე ნადირობდა და სწორედ ამით სამუდამოდ განიმტკიცა საკუთარი მასკულინურობა და სქესობრივი განსხვავება. მსგავსი წარმოდგენებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი და უცვლელი შედეგი: ქალის ბუნებრივი, ბიოლოგიური ფუნქციაა დედობა და სხვა ადამიანებზე ზრუნვა; საქმიანობის ყველა სახე, რომელიც ქალს წყვეტს ოჯახისა და ბავშვებისაგან, ბუნების საწინააღმდეგო გადახრაა.
სოციობიოლოგებისთვის ჩვეულებრივი, ლოგიკური ხერხია ადამიანის საქციელის ახსნა მდედრისა და მამრის საქციელის მიხედვით ცხოველებში, რომლებიც ,,ბუნების ჭეშმარიტი შვილები’’ არიან. მათი მოსაზრებები ჩვეულებრივ, დაფუძნებულია შერჩევითი მონაცემებით სარგებლობაზე, ხოლო არახელსაყრელ მონაცემებს ისინი იგნორირებას უკეთებენ. ჩნდება მარტივი შეკითხვა _ ცხოველთა რა სახეობები შეიძლება მივიჩნიოთ გამოკვლევისათვის სტანდარტად? მაგალითად, შიმპანზეებსა და გორილებში, მდედრები, ჩვეულებრივ, შინიდან მიდიან და ახალ ტომში გადადიან, თავიანთ მამრებს კი შინ ტოვებენ. აი, ბაბუინებთან, მაკაკებსა და ლანგურებთან კი ტომიდან ბედნიერების საძებნელად მამრები მიდიან. ასე რომ, რომელ სქესს გააჩნია ბუნებრივი განსაზღვრულობა და ლტოლვა მოგზაურობისადმი? ბაბუინებში, როგორც ამას ეთოლოგების (ცხოველთა ქცევის სპეციალისტები) გამოკვლევები აჩვენებს, დომინირებენ მდედრები და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჯგუფის სტაბილურობას და წყვეტენ როგორი მამრები იმსახურებენ მათ ნდობასა და ,,მეგობრობას’’. მდედრ შიმპანზეებში, მძუვნობის პიკის დროს სექსუალური აქტების რაოდენობა სხვადასხვა მამრთან ხშირად აღწევს დღეში ორმოცდაათს. მდედრი ფლირტაობს, აცდუნებს, ყველაფერს აკეთებს მამრის ყურადრების მისაპყრობად, რომ მერე ის მიატოვოს და შემდეგზე გადავიდეს. შეიძლება კი, რომ ასეთ შემთხვევაში ვამტკიცოთ, თითქოს მდედრები მიდრეკილი არიან პრომისკუიტეტისკენ, ხოლო მამრები მონოგამიისკენ?
ჰორმონების საკითხის გარშემო დებატებს დაწვრილებით რომ არ შევყვეთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ბევრი თანამედროვე სპეციალისტის აზრით ტერმინების ხმარებას ,,მამაკაცური ჰორმონები _ ანდროგენები’’ და ,,ქალური _ ესტროგენები’’ ისეთივე აზრი აქვს, როგორც ბაქტერიების დაყოფას სქესობრივი ნიშნით. ორივე ჰორმონს აწარმოებს ორივე სქესის ორგანიზმი. ამასთანავე, მათ შეუძლიათ გარდაიქმნან ერთი ფორმიდან მეორეში. მენოპაუზის შემდეგ კი ქალებში ,,ქალური’’ ჰორმონების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე მათი ასაკის მამაკაცებში. სხვადასხვა ადამიანს ორგანიზმში ქალური და მამაკაცური ჰორმონების განსხვავებული პროპორცია აქვს და ეს პროპორცია იცვლება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. შუა ასაკში მამაკაცებს ტესტოსტერონის დონე 10-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ქალებს, მაგრამ მამაკაცებს შორის დიაპაზონი მნიშვნელოვნად ვარირებს _ ზოგიერთ ქალს ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე აქვს, ვიდრე ზოგიერთ მამაკაცს.
სქესობრივი დიფერენციაცია მეტნაკლებად კრიტიკულ ფაზებს გადის ადამიანის ცხოვრების გზის ორ ფაზაში:
1) ემბრიონული განვითარება, როცა გენეტიკური მემკვიდრეობა ემბრიონის ბიოლოგიურ განვითარებასთან ერთად განსაზღვრავს სქესის პირველ მახასიათებლებს _ ქალურს ან მამაკაცურს.
2) სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როცა სქესობრივ ჰორმონთა ნაკადი იწვევს ყველა მეორადი სქესობრივი მახასიათებლის განვითარებას და ამ ჰორმონების გავლენით იცვლება გოგონებისა და ბიჭების სხეულები.

თითოეულ ამ სტადიას მიეძღვნა საკმაოდ ბევრი ბიოლოგიური გამოკვლევა, რომ შედგენილიყო სქესობრივი დიფერენციაციის ჰორმონალური საფუძვლის რუკა. ამ გამოკვლევათა დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სქესობრივ ჰორმონებსა და აგრესიას შორის კავშირზე ბიჭებსა და გოგონებში და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ნორმალური ჰორმონალური განვითარება გენდერული იდენტობის ფორმირებაზე. საკვლევ მონაცემებზე დაყრდნობით სოციოლოგი სტივენ გოლდბერგი აკეთებს შემდეგ დასკვნას: თუ მამაკაცები და ქალები განსხვავდებიან თავიანთი ჰორმონალური სისტემებით და თუ ყოველი საზოგადოება ახდენს პატრიარქატის, მამაკაცის ბატონობისა და მამაკაცური მიღწევების დემონსტრირებას, მაშინ სწორედ ჰორმონალური სხვაობა გარდაქმნის ასეთ სოციალურ ურთიერთობებს გარდაუვალობად.

ჩვენ ყველას გვსმენია კამათი იმაზე, რომ ტესტოსტერონი მამაკაცური სქესობრივი ჰორმონია.ის არის არამხოლოდ მამაკაცურობის განვითარების ბაზა მამაკაცებში, არამედ ადამიანის აგრესიულობის ბიოლოგიური საფუძველი, რაც, თავის მხრივ, თითქოს ხსნის თუ რატომ არიან მიდრეკილი მამაკაცები აგრესიისკენ უფრო მეტად, ვიდრე ქალები. მაგრამ, როგორც მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, ტესტოსტერონის შემცველობის ამაღლება კი არ იწვევს აგრესიის გამოვლინებას, არამედ პირიქით, ამ ჰორმონის წარმოება ხდება აგრესიის პროცესში. ასე რომ, ტესტოსტერონსა და აგრესიას შორის მიმართება შესაძლოა სინამდვილეში საპირისპირო იყოს.
მნიშვნელოვან პუბლიკაციაში ,,ტესტოსტერონი და სოციალური სტრუქტურა’’ თეოდორ კემპერი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე გამოკვლევაზე, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს მამაკაცის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აკავშირებს. ამ კვლევისთვის ჩოგბურთელებს, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს გამოცდების წინ, მებრძოლებს, წყლის სპორტის მიმდევრებს, პარაშუტისტებსა და ჩინოვნიკის პოსტის მოსაპოვებლად მებრძოლ კანდიდატებს გაუზომეს ტესტოსტერონის დონე შეჯიბრებამდე და შეჯიბრების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად გაეზარდათ გამარჯვებულებს, ხოლო დამარცხებულებს ტესტოსტერონის დონე შეუმცირდათ, ან იგივე დარჩათ. სხვათა შორის, იგივე მიმართებაა არა მხოლოდ უშუალოდ შეჯიბრების მონაწილეების შემთხვევაში, არამედ გულშემატკივრების შემთხვევაშიც. მაგალითად, გამარჯვებული ფეხბურთის გუნდის ფანებს ტესტოსტერონის დონე აღმოაჩნდათ უფრო მაღალი. თვითონ ტესტოსტერონის დონით კი, შეჯიბრებამდე შეუძლებელი იყო შედეგის წინასწარმეტყველება. უფრო მეტიც, ანალოგიურ სიტუაციაში გამარჯვებისას ტესტოსტერონის დონე ამაღლდა ქალებშიც. ამგვარად, მამაკაცები ( ასევე, ქალები) კი არ არიან ,,ჰორმონების მონები’’_ პირიქით, ჰორმონალური ფონი ფხიზლად რეაგირებს მასზე, რაც ადამიანს გადახდება სოციალურ ცხოვრებაში.
დღეისთვის რუსეთში არაა სქესის პრობლემისადმი ისეთი ინტერესი, როგორიც ამერიკულში. ოკეანის მიღმა ადამიანის სოციალურ ქცევაზე სქესობრივი ,,დიმორფიზმის’’ გავლენის სფეროში მორიგი სენსაციები წელიწადში რამდენიმეჯერ ვლინდება. აი, ერთერთი უკანასკნელი მაგალითი: გაზეთ ,,Washington Times’’-ის 2005 წლის 2 დეკემბრის გამოშვებაში გამოქვეყნებული იყო ჯენიფერ ჰარპერის სტატია მჭევრმეტყველური სათაურით: ,,და აი ახალი მტკიცებულებები _ ქალი და მამაკაცი განსხვავებული არსებები არიან!’’. სტატია იუწყება _ კანადაში, ალბერტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს 23 მამაკაცისა და 10 ქალის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები და აღმოაჩინეს, რომ ისინი ერთიდაიმავე ამოცანის ამოსახსნელად ტვინის განსხვავებულ მონაკვეთებს იყენებენ. _შემდეგ, ამავე სტატიაში ნათქვამია_ სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ ქალებსა და მამაკაცებს იუმორის განსხვავებული გრძნობა აქვთ. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით ისინი აკვირდებოდნენ 10 მამაკაცისა და 10 ქალის ტვინს, სანამ ეს უკანასკნელნი საგაზეთო კომიქსებს ათვალიერებდნენ. მკვლევარებმა გამოავლინეს ,,იუმორზე ტვინის რეაქციის სქესით განპირობებული განსხვავება’’. _ და ბოლოს, კიდევ ერთი ამერიკელი სწავლული, ფსიქოლოგი რიჩარდ ჰაიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ტრიუმფალურად იუწყება, რომ ,,ადამიანის ევოლუციამ შექმნა ტვინის 2 განსხვავებული ტიპი, რომლებიც თანაბრად ფასეულ გონიერ საქციელს განსაზღვრვენ’’. აქ ფრაზის ბოლო ნაწილი, როგორც ჩანს, მოწოდებულია მორალურად დაუჭიროს მხარი ქალებს, რომლებსაც პოტენციურად შესაძლოა, გუნება წაუხდინოს მამაკაცებისგან მათი ინტელექტუალური განსხვავების მორიგმა ,,უდავო მტკიცებულებამ’’. საჭიროა, აქ საკადრისი პატივი მიეგოთ პოლიტკორექტულობით გატანჯულ ამერიკელ ფსიქოლოგებს: ისინი აცხადებენ საქციელს განსხვავებულად, მაგრამ ,,ტოლფასად გონივრულად’’. რუსი მოაზროვნე, ჟურნალისტი ნიკონოვი კი პრობლემას გაცილებით მარტივად და მკაცრად აყალიბებს, პირდაპირ გამოაქვს რა თავისი წიგნის სათაურში კითხვა ,,რით განსხვავდება ქალი ადამიანისაგან?’’
ყოველი ახალი აღმოჩენა ტვინის ფსიქოფიზიოლოგიის დარგში ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს იღებს და მაშინვე ხვდება მასობრივ პერიოდულ გამოცემებში. ამასთან ერთად, არავის აშფოთებს მორიგი ექსპერიმენტების მოკრძალებული მასშტაბები.
ტვინის თანამედროვე გამოკვლევები, რომელთაგანაც უმრავლესობა აგებულია ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ წინასწარშექმნილ იდეებზე, კონცენტრირებულია სამ ძირითად სფეროში,მათ შორის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის განსხვავებაზე _ ერთი და იმავე ფუქციის შესასრულებლად ქალისა და მამაკაცის მიერ ტვინის სხვადასხვა მონაკვეთების გამოყენების უნარებზე. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ მეცნიერები ვერ ახერხებენ შეთანხმებას მაინც რომელი ტვინის ნახევარსფეროა ,,უკეთესი», და შესაბამისად, რომელ სქესში რომელი მათგანი დომინირებს. თავიდან სწორედ მარცხენა ნახევარსფერო განიხილებოდა, როგორც გონებისა და ინტელექტის საცავი, მაშინ, როცა მარჯვენა ნახევარსფეროს თვლიდნენ ფსიქიკური დაავადებების, ვნებებისა და ინსტინქტების სამყოფელად. ამიტომაც იყო მიჩნეული რომ მამაკაცები უფრო მეტად ემორჩილებოდნენ მარცხენა, ვიდრე მარჯვენა ნახევარსფეროს. მაგრამ, 1970-იან წლებში გაირკვა, რომ ეს ჭეშმარიტებას სულაც არ ემთხვევა და სწორედ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უზრუნველყოფს გენიალურობას, ნიჭს, შემოქმედებითობას და შთაგონებას, ამავე დროს ერევა პრაქტიკულ გონიერებაში, ანგარიშის უნარსა და მთავარ შემეცნებით პროცესებში. ჰოდა მამაკაცებიც, ახლა ტვინის მარჯვერა ნახევარსფეროზე დამოკიდებულად გამოაცხადეს.
არსებითად, საქმე იმაში კი არ არის, რომელი ნახევარსფერო რა დონეზე დომინირებს, არამედ იმაშია, რომ ტვინი ავითარებს სხვადასხვა მიმართულების (მრავალპერიფერიულ) ფუნქციებს ორივე ნახევარსფეროზე. სხვა სიტყვებით, საუბარია ნახევარსფეროებს შორის დიფერენციაციის უფრო მაღალ ხარისხზე, რომელიც სქესობრივ განსხვავებას განაპირობებს.
ნეიროლოგებმა ბაფრიმ და გრეიმ აღმოაჩინეს,რომ ქალის ტვინი უფრო სხვადასხვამხრივ მიმართულია ვიდრე მამაკაცის და ეს, მათი მტკიცებით, იწვევს დარღვევებს სივრცობრივ ფუნქციონირებაში და ქალებს უტოვებს სივრცობრივი ხასიათის ამოცანების შესრულების ნაკლებ შესაძლებლობას. მაგრამ, მალე მათმა კოლეგა ლევიმ აღმოაჩინა, რომ ქალის ტვინს უფრო ნაკლებად ახასიათებს სხვადასხვამხრივ მიმართულობა, ვიდრე მამაკაცისას და ამის საფუძველზე მან განაცხადა, რომ სწორედ ეს სხვადასხვამხრივ მიმართულობის დაბალი ხარისხი ახდენს გავლენას ქალების სივრცობრივ ფუნქციებზე. პრაქტიკულად, არ არსებობს არავითარი თანამედროვე მონაცემი რომელიმე ამ პოზიციის მხარდასაჭერად, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ( და ისინი, ვინც ამ მეცნიერთა გამოკვლევებს აფინანსებენ) არ კარგავს იმედს, რომ რაიმე გასაგიჟებელ აღმოჩენას გააკეთებენ და მამაკაცსა და ქალს შორის ღრმა ინტელექტუალური განსხვავება უდაო მეცნიერული ფაქტი გახდება.

ქალთა ლოგიკის კონკურსზე შემთხვევითი რიცხვების გენერატორმა გაიმარჯვა

ფართოდ გავრცელებულია მტკიცება, რომ ქალებს განსაკუთრებით ცუდად საქმე ლოგიკასთან აქვთ. ამას ჩვენ ბავშვობიდან ვითვისებთ. წარმოდგენები ,,ქალური’’ და ,,მამაკაცური’’ ლოგიკისა და ხასიათის პრინციპულ განსხვავებაზე ერთობ მყარი და ფესვგადგმულია. მაგალითად, ითვლება, რომ ქალები უკეთესად მუშაობენ ჰუმანიტარულ სფეროში, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებსა და სხვებზე ზრუნვასთანაა დაკავშირებული. ეს სამუშაო თავისთავად კარგია, ოღონდ სამწუხარო მარტო ისაა რომ, როგორც წესი, დაბალანაზღაურებადია. არსებობს აზრი, რომ ქალებს არ შეუძლიათ იყონ ტოპ-მენეჯერები, რადგან არასაკმარისად აგრესიულები და ანალიტიკურები არიან ამ სამუშაოსათვის.ამასთან ერთად, საზოგადოება გაცილებით უფრო გაგებით ხვდება მამაკაცის სექსუალურად თავისუფალ საქციელს¸რადგან , ითვლება რომ მამაკაცი ბუნებრივად მიდრეკილია ასეთი საქციელისკენ და არ შეუძლია ერთგულების შენახვა.
რამდენად გამართლებულია ეს სტერეოტიპები, ანუ, სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ, რაა აქ ბუნებით განპირობებული და რა სოციალურად მიწერილი?
1975 წელს ფსიქოლოგებმა ელეონორ მაკობიმ და კეროლ ჯეკსონმა გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი სახელით ,,სქესობრივი განსხვავების ფსიქოლოგია’’, რომელშიც 1400-ზე მეტი გამოკვლევის მონაცემი გააერთიანეს. გამოკვლევების ზედმიწევნითი განხილვისა და ფსიქოლოგიური თავისებურებების შედარებით მეცნიერებმა ვერ იპოვეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. მათ მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა არ დაადასტურა რომ:
• გოგონები უფრო კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე ბიჭები
• გოგონებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ
• გოგონებს უკეთესი მექანიკური მეხსიერება აქვთ, ბიჭებს კი უკეთესი სააზროვნო შესაძლებლობები
• ბიჭები უფრო ანალიტიკურები არიან
• გოგონებზე უფრო მეტად მემკვიდრეობა მოქმედებს, ბიჭებზე კი გარემო.
• გოგონებს მიზნის მისაღწევად მოტივაცია არ ყოფნით
• გოგონები სმენით უკეთ აღიქვამენ ინფორმაციას¸ბიჭები კი ვიზუალურად.

ყველა ეს ფართოდგავრცელებული შეხედულება მითი აღმოჩნა. დადასტურდა მხოლოდ რამდენიმე შემოწმებადი განსხვავება ზეპირი მეტყველების შესაძლებლობებში (უკეთესი შესაძლებლობები აქვთ გოგონებს), სივრცულ-ვიზუალურ ორიენტაციაში (უკეთესი შესაძლებლობები აქვთ ბიჭებს), მათემატიკურ შესაძლებლობებსა და ფიზიკურ აგრესიაში (ორივე უფრო მაღალი მაჩვენებლით ახასიათებთ ბიჭებს). მაგრამ, აი რაა საინტერესო _ სწორედ ეს განსხვავების აღმწერი შედეგები მოხვდნენ სახელმძღვანელოებში და ფართო გავრცელება ჰპოვეს. ის ფაქტი კი ჩრდილში რჩებოდა, რომ ხშირ შემთხვევაში აღმოჩენილი იყო არა განსხვავება, არამედ მსგავსება.
იგივე დასკვნებამდე მივიდნენ სხვა მკვლევარებიც. ჰიუ ფეარვეზერმა 1976 წელს შეისწავლა ქალებისა და მამაკაცების შემეცნების შესაძლებლობები და ვერავითარი მნიშვნელოვანი კანონზომიერება ვერ იპოვა. მარკ ჰოგრებმა 1985 წელს ამერიკელ უფროსკლასელებში ჩატარებულ თავის მასშტაბურ გამოკვლევაში ტექსტის ათვისების შესახებ აღმოაჩინა, რომ სქესობრივი კუთვნილება მხოლოდ 1%-ით განსხვავებას იწვევს, მაშინ როცა 20%-ით განსხვავებას განაპირობებს კლასობრივი კუთვნილება. სარა იაფესა და ჯანეტ ჰაიდის მიერ 2000 წელს ჩატარებულ მორალური განწყობების კვლევაში ქალთა და მამაკაცთა 73%-ს არ გამოუვლენია არავითარი განსხვავება ახლობლებზე მზრუნველობისათვის მზადყოფნაში.
შეიძლება კიდევ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ფსიქოლოგიაში მონაცემების განზოგადებისთვის ბევრ კვლევაში იყენებენ უფრო სრულყოფილ მეთოდს _ მეტა-ანალიზს. თუ მაკობი და ჯეკსონი იძულებული იყვნენ ცალ-ცალკე შეედარებინათ უამრავი მონაცემი, რომლებსაც სხვადასხვა პატარა ამონაკრებებიდან იღებდნენ, მეტა-ანალიზი საშუალებას იძლევა ამ მონაცემებისგან მათემატიკურად კორექტულად აირჩეს ერთ-ერთი მონაცემი. ჯენეტ ჰაიდმა და ნიტა მაკ-კინლიმ თავიანთი გამოთვლების შედეგებით აჩვენეს, რომ ზეპირი მეტყველების უნარებში განსხვავება უმნიშვნელოა და არ შეიძლება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩაითვალოს. დადასტურდა სხვაობა მათემატიკურ შესაძლებლობებში, მაგრამ ის ძალიან მცირე აღმოჩნდა _ გამოვლინდა შემთხვევათა მხოლოდ 8%-ში. როგორ შეიძლება ამ მონაცემების ინტერპრეტირება? _ ეს იმაზეა დამოკიდებული, რაზე გავაკეთებთ აქცენტს. რა თქმა უნდა, 8% მნიშვნელოვანი სიდიდეა და ჩვენ შეგვიძლია სუფთა სინდისით განვაცხადოთ, რომ სხვაობა არსებობს, მაგრამ შემთხვევათა 92%-ში ის არ ვლინდება! _ ამგვარად, რა უფრო მეტია, განსხვავება თუ მსგავსება? (და ეს მათემატიკური შესაძლებლობები, ისევე, როგორც დანარჩენები, შეიძლება განვითარდეს მეცადინეობის შედეგად, მაგრამ რისთვის უნდა დაკავდე მათემატიკით სერიოზულად, თუ ბავშვობიდანვე ჰუმანიტარულ პროფესიებზე ხარ ორიენტირებული?!).
ამ მონაცემების შეფასებისას უნდა ვახსენოთ, რომ საუბარია არა აბსოლუტურ განსხვავებაზე ყველა ქალსა და მამაკაცს შორის, არამედ მხოლოდ სტატისტიკურ ალბათობაზე, რომლის თანახმადაც მამაკაცებში, როგორც ინდივიდების ჯგუფში ზოგიერთი თვისების (მაგ. მათემატიკური ნიჭის) მატარებლები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში, როგორც ინდივიდების ჯგუფში (თანაც, მეტა-ანალიზის შედეგების მიხედვით, არცთუ ისე ხშირად). გაცილებით მეტია იმის ალბათობა, რომ კონკრეტულ მამაკაცსა და კონკრეტულ ქალს შორის მათემატიკურ შესაძლებლობებში არავითარი განსხვავება არ იქნება. ეს შეეხება ყველა სხვა დაფიქსირებულ განსხვავებას. საუბარი სულაც არაა სქესებს შორის აბსოლუტურ განსხვავებაში, როგორც ამას მრავალი ადამიანი მიიჩნევს, არამედ, საუბარია მხოლოდ სუსტადგამოხატულ ტენდენციაზე.
აგრესიულობის გამოკვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები კი არსებობს, მაგრამ არა ყოველთვის. ისინი გამოვლინდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო ექსპერიმენტებში გამოყენებული პროვოკაციის მეთოდი. თუ პროვოკაციას ადგილი არ ქონდა, მაშინ მამაკაცები აგრესიულობის რამდენადმე მაღალ დონეს ავლენდნენ ქალებთან შედარებით, მაგრამ, პროვოკაციაზე ქალებიც და მამაკაცებიც ერთნაირად რეაგირებდნენ.
მაშასადამე, რა ვითარება გვაქვს განსხვავების კუთხით? თუ ამ მონაცემებს წინასწარი აკვიატების გარეშე შევხედავთ, დავინახავთ, რომ სინამდვილეში, ფსიქიკაში სქესობრივი განსხვავების უკვე 100 წელზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე გამოკვლევებს მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავებების აღმოჩენა საკმაოდ იშვიათად გამოსდიოდათ. გაცილებით ხშირად, არავითარი განსხვავება არ ყოფილა აღმოჩენილი, ან იყო, მაგრამ იმდენად მცირე, რომ მის სტატისტიკურ მნიშვნელოვანებაზე საუბარი უბრალოდ არ გამოდის. თავიანთი არსებობის მანძილზე, სქესობრივი განსხვავების კვლევები, მონაცემთა შთამაგონებელი მასივის ანალიზის საფუძველზე, გადაიქცა სქესობრივი მსგავსების კვლევებად.
ამის პარალელურად, გამოიცემა პოპულარული ფსიქოლოგიის ათასობით წიგნი, რომლებიც აღწერენ, რამდენად სხვადასხვაგვარი არსებები არიან ქალი და მამაკაცი, რამდენად განსხვავებული ცხოვრებისეული ფასეულობები აქვთ, რა სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, რამდენად სხვადასხვაგვარი შესაძლებლობები და წარმოდგენები აქვთ… სინამდვილეში, არც ერთ სხვა მეცნიერებაში არაა ისეთი დიდი წყვეტა იმაში, თუ რაზე მეტყველებენ მეცნიერული მონაცემები და თუ როგორ არიან ისინი წარმოდგენილი მასობრივ ლიტერატურაში და, შესაბამისად, მასობრივ ცნობიერებაში.
სქესობრივი განსხვავების მრავალი ახსნა არსებობს. მაგ. ცხოველთა სამყაროს ევოლუციური თვალთახედვის კუთხიდან. ევოლუციის, რომელმაც ჩვენ ფსიქიკაში სამარადჟამოდ ჩაჭედა ძველი, მამონტებზე მონადირეების, თვისებები. არსებობს განსხვავების ახსნა ღვთაებრივი ჩანაფიქრითაც, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ არავინ ცდილობს ახსნას თუ რატომ ვგავართ ერთმანეთს ასე ძალიან, ამდენად განსხვავებული ბიოლოგიური და ფსიქიკური ბუნების მიუხედავად. და თუ განსხვავება ამდენად ბუნებრივი და ჩვენს არსში შესისხლხორცებულია, მაშინ რატომღაა საჭირო ამ განსხვავების სასოწარკვეთილი დაცვა და მოთხოვნა, რომ მამაკაცები მასკულინურებად დარჩნენ, ქალები კი ფემინურებად?
რატომ აწუხებს ეს მოთხოვნა თავად ფუნდამენტურ მეცნიერებასაც კი?
ჩვენი კულტურა საფუძვლიანად გამოკვება იმისმა რწმენამ, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისაგან განსხვავებულები უნდა იყონ. ამიტომაც, მსგავსების აღმოჩენა არ აღიქმება როგორც სამეცნიერო აღმოჩენა _ დასკვნა კეთდება არა იმის შესახებ, რომ მსგავსებაა ხოლმე აღმოჩენილი, არამედ იმაზე, რომ არ მოხერხდა განსხვავების დამტკიცება (თავისებური ,,ნულოვანი ჰიპოთეზაა’’). ხოლო, რამდენადაც გამოკვლევები არა და არ დაგვირგვინდა წარმატებით, სულ ახალ-ახალი მცდელობების წამოწყებას აქვს ადგილი _ მოდი და როდესმე, ბოლოს და ბოლოს, მოხერხდეს იმის პოვნა, რასაც ასე დაჟინებით და უიმედოთ ვეძებთ!
შევაჯამოთ ჩვენი მსჯელობა _ განა გვინდა იმის თქმა, რომ არ არსებობს არავითარი სქესობრივი განსხვავება ბიოლოგიურად? თავისთავად ცხადია, არა. პირველ ყოვლისა, არსებობს განსხვავებები რეპროდუქციულ სფეროში, თუმცა არც ისინი არიან აბსოლუტური: არიან მამაკაცები, რომელთა სხეულს არ ძალუძს სპერმის წარმოება და არიან ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ საკვერცხეები. უკვე ხშირად ევლინებიან ქვეყანას ჰერმაფროდიტები, რომელთაც ორივე სქესის სასქესო ორგანოები გააჩნიათ _ ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ხშირად იმისთვის, რომ ამ პრობლემამ სერიოზული საზრუნავი გაუჩინა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო ქალი სპორტსმენების დავალდებულება ტესტის ჩატარებით იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მამაკაცური ქრომოსომები არ აქვთ.
რაც დანარჩენს შეეხება, დღეისთვის არსებული მეცნიერულ მონაცემთა მიმოხილვა აჩვენებს: მამაკაცებსა და ქალებს შორის ძალიან ცოტა აბსოლუტური განსხვავებაა. იმის თქმა, თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავებები, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, მამაკაცებსა და ქალებს რომ ბავშვობიდანვე ერთნაირად აღზრდიდნენ, ერთნაირად აცმევდნენ, ერთსა და იმავე თამაშებს ასწავლიდნენ, ერთსა და იმავე პროფესიებსა და სოციალური მიღწევებზე ორიენტირებისაკენ რომ უბიძგებდნენ და ა.შ. როგორც ბიოლოგმა რუთ ჰაბარდმა თქვა, ,,თუ საზოგადოება თავისი ბავშვების ნახევარს ათავსებს მოკლე კაბებში და ნებას არ რთავს ისე იმოძრაონ, რომ ტრუსები გამოუჩდეთ, ხოლო მეორე ნახევარს ჯინსებსა და კომბინიზონებს აცმევს, მხარს უჭერს მათ სურვილს, აძვრენ ხეზე, ითამაშონ ბურთი თუ სხვა აქტიური ეზოს თამაშობები; თუ მოგვიანებით, სიყმაწვილეში, შარვლებით შემოსილ ბავშვებს უმტკიცებენ, რომ ,,მოზარდ ბიჭებს ბევრის ჭამა ესაჭიროებათ’’, ამავე დროს კი, კაბიანი ბავშვები გაფრთხილებული არიან, რომ წონას თვალი უნდა მიადევნონ და არ გასუქდნენ; თუ ჯინსებიანი ნახევარი ბათინკებით დარბის იმ დროს, როცა კაბიანი ნახევარი მაღალ ქუსლებზე დაიკაკვება, მაშინ ადამიანთა ეს ორი ჯგუფი განსხვავებული იქნება მარტო სოციალურად კი არა, ბიოლოგიურადაც.’’
შარვალთან დაკავშირებით, თანასწორობა ცხადია უკვე მეტნაკლებად მიღწეულია, მაგრამ საქმე რომ მხოლოდ ამაში ყოფილიყო!
კონკრეტული, ინდივიდუალური მამაკაცისა და კონკრეტული, ინდივიდუალური ქალის სხეულებს შორის განსხვავება შეიძლება იყოს მეტი, ან ნაკლები _ ეს დამოკიდებულია მათ ბიორიტმზე, ასაკზე, ცხოვრების სტილსა თუ განცდილ სტრესებზე. საშუალოდ, მამაკაცები ქალებზე ოდნავ მაღლები და ძლიერები არიან. არის კი ეს განსხვავება ბიოლოგიურად უპირობო? მაგალითის სახით მოვიყვან ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციას ავტორიტეტული ჟურნალიდან ,,Nature». მასში ორივე სქესის სპორტსმენ მარათონელთა მიღწევების მიმოხილვაა იმ დროიდან, როცა ქალი ჩაერთო ამ სპორტის სახეობაში (1955 წლიდან, ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება კი 1984 წელს მოიპოვეს ქალებმა). აღმოჩნდა, რომ თანდათან გაიზარდა სპორტული მიღწევები როგორც ქალების, ისე მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა, ქალებთან გაცილებით უფრო სწრაფად. მაჩვენებლების გაუმჯობესების ტემპში იმდენად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა, რომ სტატიის ავტორები, ბრაიან ბიპი და სიუზან იარდი ვარაუდობენ: 2050 წლისთვის ქალისა და მამაკაცის მსუბუქ ათლეტიკაში სხვაობა უბრალოდ გაქრება. არადა, სწორედ მარათონი ითვლება ყველაზე რთულად სპორტის მსუბუქათლეტურ სახეობებში.

ცხადია, ფაქტი სულაც არაა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით ამგვარად განვითარდება. შესაძლებელია შედეგებს შორის რაღაც სხვაობა შენარჩუნდეს კიდევაც. აქ მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა: ეს მაგალითი ილუსტრაციაა, თუ რამდენად ძლიერი ურთიერთქმედებაა ადამიანის სხეულს, ცნობიერებასა და კულტურას შორის _ აკი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქალებს საერთოდ არ აძლევდნენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას ( ანტიკურ ოლიმპიადებზე ქალებს მაყურებლის რანგშიც კი ეკრძალებოდათ დასწრება და ამისთვის სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული). მხოლოდ მაშინ, როცა ქალისა და მამაკაცის ცხოვრებას, ქალისა და მამაკაცის კულტურას შორის არ იქნება არსებითი განსხვავება (ეს პერსპექტივა კი ზოგიერთს საშინელებად მიაჩნია), შესაძლებელი გახდება მსჯელობა, თუ რა განასხვავებებია მამაკაცსა და ქალს შორის ბიოლოგიურად და აბსოლუტურად და რა განსხვავებებია ფორმირებული კულტურითა და საკუთარი სხეულის გამოყენების სხვადასხვაგვარი გამოცდილებით.
აუცილებელია ითქვას ასევე ერთ მნიშვნელოვან მომენტზე _ ჩვენ შევეჩვიეთ განსაკუთრებული ნდობით მოვეპყრათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, როგორიცაა ბიოლოგია, ფიზიკა და ა.შ. თუ სოციალური მეცნიერებები (მაგალითად სოციოლოგია, პოლიტოლოგია და ისტორია) იმყოფება ამა თუ იმ იდეოლოგიის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ,,პოლიტიკის ზონისგან’’ თავისუფლად მიიჩნევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სადაც ყველა მტკიცებულება უდავო მეცნიერულ ფაქტებზეა დაფუძნებული. მაგრამ, არ არსებობს არაპოლიტიკური მეცნიერება. მეცნიერება ადამიანური მოღვაწეობის სახეა, რომელიც პირდაპირდამოკიდებულია დროისა და ადგილის გარემოებაზე. მასზე გავლენას ახდენს ის, თუ რა სახით გამოიყენება მეცნიერული აღმოჩენა და რა კონტექსტში არსებობს ის. მაგალითად, თეორიული ფიზიკის სფეროში მოხდა ატომური ბომბის აღმოჩენა იმიტომ, რომ ფიზიკის სწორედ ასეთი გამოყენებით იყვნენ დაინტერესებული ზესახელმწიფოების მმართველი ელიტები.
ქალსა და მამაკაცს შორის ფუნდამენტალური განსხვავების პოვნისა და დამტკიცების დაჟინებული მცდელობები (რომელსაც მთელი ამ სინატიფისადმი მედიის ინტერესიც აღვივებს) გაგრძელდება, სანამ ამ განსხვავების დამტკიცება ხელსაყრელი რჩება მათთვის, ვინც მას საკუთარი სარგებლიანობისათვის იყენებს. მართლაც, თუ ქალი ბიოლოგიურად ასე ძლიერ ,,განსხვავდება ადამიანისგან’’, მაშინ რად უნდა მას ადამიანის უფლებები?

Реклама
Posted in: Uncategorized