კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ

Posted on Ноябрь 19, 2010 от

0


უკანასკნელ პერიოდში კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის თემა მრავალი დისკუსიისა თუ კამათის საბაბი გახდა. როგორ შეიძლება ეს ინიციატივა შეფასდეს? როგორც უბრალოდ მარგინალი მემარჯვენე პოლიტიკოსების მცდელობა პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე ხელოვნურად მოექცნენ? თუ საკითხი უფრო ღრმა და ფუნდამენტურია და ზოგადად მემარცხენე პოლიტიკური იდეის დისკრედიტირებას ემსახურება? რათა არსებულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური ელიტების სასარგებლოდ მუშაობს, უგულვებელყოფს სოციალურ ფაქტორს და ზრდის სოციალურ უთანასწორობას, უახლოეს მომავალში რეალური და ძლიერი ალტერნატივა არ გამოუჩნდეს?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცისა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ე.წ. საბჭოთა წარსულისაგან განთავისუფლების პროცესი დაიწყო, რაც რამოდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს და განპირობებულია იმით, რომ ეროვნული და ანტისაბჭოთა მოძრაობების შედეგად ამ ქვეყნების ხელისუფლებაში უკიდურესად მემარჯვენე მთავრობები მოვიდნენ, რომლებიც ნაციონალისტური და ვულგარული პრო-დასავლური რიტორიკით ცდილობენ საზოგადოებაში კომუნიზმისა და ზოგადად მემარცხენე პოლიტიკური დისკურსის სტიგმატიზირებას. რაც თავისთავად გულისხმობს მთელი რიგი ფუნდამენტური საკითხების ფალსიფიცირებას, კომუნიზმისა და კომუნისტური იდეის საბჭოთა კავშირთან და უფრო კონკრეტულად სტალინიზმთან იდენტიფიცირებას, რუსული იმპერიალიზმის თემით მანიპულირებას და მის ხელოვნურად მიბმას მემარცხენე პოლიტიკურ იდეასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ მთავრობას, თავისი ოლიგარქიული კაპიტალიზმით არანაირი საერთო არა აქვს მემარცხენეობასთან, დამოუკიდებლად იმისა, რომ რუსეთი იურიდიულად საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ ითვლება.

უშუალოდ საქართველოს შემთხვევაში კი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ასეთი პოლიტიკითა და პროპაგანდით ხდება ისეთი საზოგადოებრივი განწყობისა და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, სადაც ნებისმიერი მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ან ინდივიდი ავტომატურად დგება თავის მართლების პოზიციაში, რომ მისი შეხედულებები და იდეოლოგია არ არის დაკავშირებული არც საბჭოთა კავშირთან და არც რუსულ იმპერიალიზმთან. ამის საზოგადოებამდე მიტანა და მისი დარწმუნება კი ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მემარცხენეებს შეზღუდული რესურსები აქვთ და არ გააჩნიათ საკმარისი საეთერო დრო და ხელმისაწვდომობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე, რომ დაუპირისპირდნენ ამგვარ სახელისუფლებო პროპაგანდას. რომლის მეშვეობით რეალურად ხდება ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური უთანასწორობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გადაფარვა. ამგვარ ვითარებაში საზოგადოებას სჭირდება ისეთი მემარცხენე იდეალები და პრინციპები, როგორებიცააა: სოლიდარობა, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა. ერთი სიტყვით პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი მემარცხენე ალტერნატივის გაჩენა, რასაც ბუნებრივია დიდი წინააღმდეგობა ხვდება ხელისუფლების სათავეში მყოფი მემარჯვენე პოლიტიკური და ფინანსური ელიტებისგან, რომლებიც არ იშურებენ თავიანთ რესურსებს, რომ ყურადღების სხვა თემაზე გადატანით, იგნორირებითა თუ საბჭოთა კავშირთან და რუსულ იმპერიალიზმთან კავშირის თემის მანიპულირებით შეაჩერონ საზოგადოებაში მემარცხენე განწყობების გაძლიერების ბუნებრივი პროცესი, რაც მემარჯვენე მთავრობების კრახმა და უუნარობამ გამოიწვია, რომ გამოასწორონ და გადაჭრან რეალურად არსებული მწვავე სოციალური პრობლემები.

ამგვარად ცხადი ხდება, რომ კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის თემა, უნდა გავიაზროთ სწორედ ამ კონტექსტში, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ითქვას, რომ  ეს სიმბოლიკა არ არის მხოლოდ საბჭოთა კავშირის კუთვნილება და წარმოადგენს საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის სიმბოლიკას, რომლის იდეებისთვის ბრძოლასაც ასევე უამრავი ადამიანი შეეწირა და რომლის პრინციპებსაც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ინტელექტუალთა უმრავლესობა იზიარებდა და თანაუგრძნობდა. ამას გარდა მრავლისმეტყველი ფაქტია ისიც რომ ეს იდეა, საერთაშორისო დონეზე ევროკავშირის ყველა დიდი, ძლიერი, ცივილიზირებული და დემოკრატიული ქვეყნის მიერ უარყოფილია და მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის მემარჯვენე მარგინალურ პოლიტიკურ წრეებში სარგებლობს პოპულარობით, რომელსაც მხარი ქართველმა მარგინალმა პოლიტიკოსებმაც აუბეს.

ეს ინიციატივა არის დიდი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მემარცხენე პოლიტიკური იდეის, როგორც არსებული ნეოლიბერალური რეჟიმის, ყველაზე რეალური და სახიფათო ალტერნატივის შეფერხებას და არსებული პოლიტიკური სტატუსკვოს შენარჩუნებას. თუმცა მოვლენების განვითარების ლოგიკა, არსებული საზოგადოებრივი ტენდენციები და მზარდი ეკონომიკური სტრატიფიკაცია ’მემარცხენე შემობრუნების’ აუცილებლობას გარდაუვალს ხდის და უახლოეს მომავალში დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მოთხოვნა უფრო ეგალიტარული საზოგადოების შექმნისა, რომლის ყველაზე ეფექტურად განხორციელებას მემარცხენე პოლიტიკური ძალა შეძლებს.

ამგვარად მათ შეუძლიათ გააქრონ სიმბოლიკა, მაგრამ ვერ გააქრობენ საზოგადოებრივ პროტესტს და უკმაყოფილებას, რომელიც თავის ასახვას მემარცხენე მოძრაობის გაძლიერებაში ჰპოვებს.

Реклама
Posted in: Uncategorized