სისტემაზე დამოკიდებულება: ზოგადი მიზეზები და საქართველო

Posted on Ноябрь 3, 2010 от

3


ყველა ადამიანის არსებობა, პერსპექტივა და კეთილდღეობა მეტ-ნაკლები დოზით დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან ისინი არსებულ სისტემასთან. არსებობს სამი ყველაზე გამოკვეთილი ალტერნატივა: პირველ შემთხვევაში ადამიანი ხდება სისტემის უმნიშვნელო ნაწილი და იწყებს მისთვის და მასში მუშაობას. თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ის მუდმივად დარჩება დაბალ იერარქიულ საფეხურზე და ვერასდროს მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამაგიეროდ განაღდებული ექნება მეტ-ნაკლებად მისაღები და დამაკმაყოფილებელი საარსებო პირობები და თუნდაც ილუზორული მოლოდინი სტატუსის ამაღლებისა. მეორე ალტერნატივა გულისხმობს ანტისისტემურ მოძრაობაში გაწევრიანებას და მცდელობას არსებული სისტემის შეცვლის თუ არა მისი მოდერნიზაცია-ტრანსფორმაციის მაინც. და მესამე ინდეფერენტული გზის არჩევა, უარის თქმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე და მოძრაობის დაწყება სექტანტიზმის ან მარგინალურ ჯგუფად ჩამოყალიბებისაკენ.

ამ სამი შესაძლებელი გზიდან, ყველაზე ხშირად პირველს ირჩევენ და შესაბამისად აშკარაა დაბალი და საშუალო ფენებიდან გამოსული ადამიანების სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდის ტენდენცია. რატომ ხდება ასე და რა განაპირობებს ამას? ფაქტია, რომ დღეს აღარ არის ისეთი სოციალური გარემო, როგორიც XIX საუკუნეში, როდესაც მარქსი წერდა: ”პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი საკუთარი ბორკილების გარდა”. ეს ცვლილება განსაკუთრებით აშკარა XX საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გახდა, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესის, ეკონომიკური აღმასვლისა და ტრადიციული ანტისისტემური მოძრაობების წარმატების(რის შედეგსაც წარმოადგენს მეტ-ნაკლებიდ წარმატებით განხორციელებული საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა) შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუშათა და საშუალო კლასის მდგომარეობა, რამაც გამოიწვია, ის რომ მათ დაკარგეს რადიკალური პროტესტის გამოხატვის მოტივაცია, მიანიჭეს არსებულ სისტემას ლეგიტიმაცია და მის ფარგლებში დაიწყეს ბრძოლა არსებული მონაპოვრების შენარჩუნებისა და შეძლებისდაგვარად განვრცობისაკენ.

ეს იყო მმართველი კაპიტალისტური ელიტის მიერ კარგად შემუშავებული გეგმის შედეგი. კაპიტალისტებმა იმისათვის, რომ შეემცირებინათ საპროტესტო პოტენციალი, გაეზარდათ სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხი და ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ მისთვის, დაიწყეს პერსონალის ხელოვნურად შექმნა და გაზრდა. რეალურად სამი სახის პერსონალი არსებობს: დაბალკვალიფიციური მუშახელი, ე.წ. ტოპ მენეჯერები და საშუალო კადრები. აქცენტი სწორედ საშუალო კადრებზე გაკეთდა და მათი რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის საშუალებით გაჩნდა სოციალური მობილობისა და უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე ასვლის პერსპექტივა. რამაც წარმატებული პრეცენდენტების შემდეგ იმოქმედა, გაზარდა სისტემის ლეგიტიმაცია, დაასუსტა და შეამცირა მის მიმართ საპროტესტო განწყობა.

ამას დაემატა ჰერბერტ მარკუზეს ტერმინით თუ ვიხელმძღვანელებთ ინდუსტრიული საზოგადეობისთვის დამახასიათებელი ”რეპრესიული ტოლერანტობა” რაც არსებითად ლიბერალური იდეოლოგიის პროდუქტია და იძლევა ფორმალურ და ნომინალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად, სიღრმისეულად კი რეპრესიულ ხასიათს ატარებს, ისრუტავს ოპოზიციის ყველანაირ ფორმას და ხელს უწყობს არგუმენტების, პოლიტიკური დისკუსიებისა და დებატების შესუსტებას. რაც ქმნის ”ერთგანზომილებიან საზოგადოებას”. ერთი სიტყვით ”რეპრესიული ტოლერანტულობა” სისტემის ლეგიტიმაციისა და მისთვის იდეოლოგიური ჰეგემონობის შენარჩუნების მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც ანტისისტემური ძალების მარგინალიზაციას და მათი პროტესტის იგნორირებასს ან გაშარჟება-კარიკატურიზაციას ახდენს. რაც ქმნის კარგ სოციალურ გარემოს და წანამღვრებს პოლიტიკური და სოციალური კონფორმიზმისთვის და აქედან გამომდინარე ბუნებრივად ზრდის სისტემაზე ადამიანთა დამოკიდებულების ხარისხს.

ზოგადად, გლობალური მასშტაბით ეს გარემოებები განაპირობებს სისტემაზე დამოკიდებულებას, ახლა კი გადავიდეთ კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაზე, რომელსაც სრულყოფილად ნამდვილად არ მიესადაგება ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც, განსაკუთებით აშკარაა ამგვარი დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ბევრნაირი ახსნა მოეძებნოს სოციალური და ეკონომიკური მიზეზებიდან დაწყებული, ფეოდალური და იმპერიული წარსულით განპირობებული პოლიტიკური კულტურით დამთავრებული. თუმცა ჯობს მომავლისთვის გადავდოთ სოციო-კულტურული ფაქტორები და ამჟამად აქცენტი გავაკეთოთ იმაზე თუ როგორაა ფორმირებული საქართველოში თავად სისტემა და რა მექანიზმებით ახდენს ის მასზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდას.

დავიწყოთ ახალგაზრდებით და განათლების სისტემით, საქართველოში ხარისხიანი, უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია და მისი დამთავრების შემდეგ შრომით ბაზარზე გასულ პირს, საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგი სამუშაოს შოვნის შანსი თითქმის არ აქვს, ამიტომ ბუნებრივად დღის წესრიგში დგება ალტერნატიული გზების ძიება, რის მაგალითსაც წარმოადგენს შესაძლო პრივილეგიებისა და სამომავლო პერსპექტივების გამო ხელისუფლებისა და არსებული სისტემისგან მართულ ორგანიზაციებში ახალგაზრდათა გაერთიანება, რის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობები, რომელთაც აბსოლუტურად დაკარგული აქვთ საკუთარი ფუნქცია და ფაქტიურად მინიადმინისტრაციებსა და ხელისუფლების ახალგაზრდულ პარტიულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე საუბრისას აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისეთი შინაარსისგან დაცლილი, ძირითადად გართობაზე ორიენტირებული ორგანიზაციები როგორიცაა მაგალითად ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, რომელიც მართალია პირდაპირ არ წარმოადგენს არსებული სისტემის ნაწილს, მაგრამ თავისი არსით ხელს უწყობს ახალგარზდებში კარიერისტული და ოპორტუნისტული სულისკვეთების გაჩენას, რაც თავისთავად ხელს უწყობს, მათ რეკრუიტირებას და იმას რომ ეს ახალგაზრდები სამომავლოდ სისტემაზე დამოკიდებულნი და მისი ნაწილი გახდებიან.

ახალგაზრდებში სისტემაზე დამოკიდებულების გაჩენის და ზრდის ზოგადი მექანიზმი ასეთია: უნდა შეიქმნას სოციალური და პოლიტიკური კონფორმიზმისთვის ხელსაყრელი გარემო, პრესტიჟი, პერსპექტივა და წარმატება ასოცირებული უნდა იყოს მხოლოდ არსებულ სისტემასთან და მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან, ხოლო ალტერნატივა წარმოსახული იქნას, არაპრესტიჟულ, უპერსპექტივო, წარუმატებელ, სექტანტურ და მარგინალურ მოვლენად, რომელიც იგნორირებისა და გაშარჟების ობიექტი უნდა იქნას.

რაც შეეხება სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს: უმუშევრობის მაღალი დონის, სუსტი პროფკავშირების, ცუდი შრომის კოდექსის, სოლიდარობის არარსებობისა და სხვა ფაქტორების გამო დაბალკვალიფიციური მუშახელი და საჯარო სფეროში დასაქმებული საშუალო კადრების მოქმედების თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდება და ისინიც ბუნებრივად ხდებიან სისტემაზე დამოკიდებულნი, რადგან არ გააჩნიათ მექანიზმი საკუთარი უფლებების დასაცავად და სისტემისგან ავტონომიურობის შესანარჩუნებლად. შრომის კოდექსი უვარგისია, პროფკავშირები სუსტი, საზოგადოებაში სოლიდარობა არ არსებობს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ”ბუნტიორის” ჩანაცვლება ახალი მორჩილი თანამშრომლით. ასეთი რისკის პირობებში, ბუნებრივია არავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარ სამსახურსა და ხშირ შემთხვევაში ერთადერთ საარსებო წყაროს და შედეგად სტატუს-კვო ნარჩუნდება. რაც არსებულ სისტემას აძლევს საშუალებას მასზე გაზრდილი დამოკიდებულების პირობებში, სულ უფრო რეპრესიული ხასიათი შეიძინოს და არ მოერიდოს არსებული სოციალური მონაპოვრებისა და პრივილეგიების შეკვეცასა და გაუქმებას. რის მაგალითსაც შეიძლება წარმოადგენდეს, ხელფასების შემცირება, შეღავათებისა და სტიპენდიების გაუქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გაუარესება(უკანასკნელი მაგალითი), ფასების ზრდა და სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები.

ამგვარად სიტუაცია მძიმეა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არც მეტისმეტი პესიმიზმის და არც მეტისმეტი ოპტიმიზმის საფუძველი, უნდა მოხდეს სიტუაციის ანალიზი, გონივრული და რეალისტური ალტერნატივის შემუშავება და მისი შეთავაზება იმ ხალხისთვის ვისაც ეს სჭირდება და ვინც ამას ელის, იმ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, თვისობრივად ახალი პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტოს და გააუმჯობესოს ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიური სოციალური პრობლემები. და არა იმაზე თუ როგორ მოახდინოს ამ პრობლემების გადაუწყვეტლად, ან მხოლოდ ნაწილობრივი და ზედაპირული გადაწყვეტით, საპროტესტო პოტენციალის შემცირება და ამ ხალხის სისტემაზე დამოკიდებულების ხარისხის გაზრდა.

Реклама
Posted in: Uncategorized