იმანუელ ვალერშტაინი: «გლობალური კრიზისის დინამიკა(დაუსრულებელი): ოცდაათი წლის შემდეგ»

Posted on Октябрь 18, 2010 от

0


1982 წელს სამ კოლეგასთან ერთად, გამოვეცი წიგნი სახელწოდებით ’გლობალური კრიზისის დინამიკა’ . თავდაპირველად გამოხმაურება შემდეგნაირი იყო ’კრიზისი, რა კრიზისი?’ ამერიკელ გამომცემლებს ეს სათაური არ მოეწონათ, მაგრამ ჩვენ ის ფრანგული თარგმანისას გამოვიყენეთ. გარდა ერთობლივი შესავალისა და დასკვნისა, წიგნი შედგებოდა სამი ცალკეული სტატიისაგან, რომელიც თითოეული ავტორის მიერ დამოუკიდებლად იყო დაწერილი.

ჩვენი წიგნი იწყებოდა დაკვირვებით იმის შესახებ, რომ «1970-იანი წლების განმავლობაში კრიზისის თემა სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა და ინტელექტუალურ წრეებში მიმდინარე დისკუსიებიდან, ჯერ მასობრივ პრობლემად გადაიზარდა, რომლის შესახებ ბევრი იწერებოდა და იბეჭდებოდა, ბოლოს კი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის თემადაც კი იქცა». სწორედ ამის გამოა რომ არსებობს, მრავალი სხვადასხვა განმარტება კრიზისისა და აგრეთვე მისი გამომწვევი მიზეზების განსხვავებული ახსნა.

1980-იან წლებში სიტყვა ’კრიზისი’ გაქრა ენიდან და ჩანაცვლებულ იქნა სხვა მოდური სიტყვთ, რომელიც უფრო ოპტიმისტურად ჟღერდა. საუბარია ’გლობალიზაციაზე’. მხოლოდ 2008 წლის დასაწყისიდან, კვლავ დომინირებს მოღუშული(ბნელი) განწყობილება და ჩვენ კვლავ გვესმის საუბრები ’კრიზისზე’, რომელიც კიდევ უფრო შემაშფოთებელია ვიდრე 70-იან წლებში, მაგრამ ამასთან ისეთივე გაუგებარი, როგორც ადრე. ამიტომ კითხვა ’კრიზისი, რა კრიზისი?’ კვლავ ამოვიდა ზედაპირზე და დღის წესრიგში დადგა.

1960-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში მსოფლიო სისტემაში, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამ დროს თანამედროვე მსოფლიო სისტემაში დაღმასვლის ორი ციკლის დაწყება აღინიშნა: ჰეგემონიისა და საერთო ეკონომიკური ციკლის. 1945 წლიდან დაწყებული 1970 წლამდე პერიოდი, მსოფლიო სისტემაში ამერიკის მაქსიმალური ჰეგემონიის ეპოქა იყო, ისევე როგორც ყველაზე მძლავრი კონტრადიევის ა(ეკონომიკური აღმასვლის) ფაზისა, რომელიც კი ოდესმე ყოფილა კაპიტალისტურ მსოფლიო ეკონომიკაში. ფრანგები ამ პერიოდს ’les trente glorieuses’-ს(მშვენიერი ოცდაათწლეული) უწოდებენ და ისღა დაგვრჩენია, რომ მათ მხოლოდ დავეთანხმოთ.

მე ამ დაღმასვლებს აბსოლუტურად ნორმალურად მივიჩნევ. ამის გასაცნობიერებლად, საჭიროა გვახსოვდეს ორი რამ. პირველი ყველა სისტემისთვის არის დამახასიათებელი საკუთარი ციკლური რიტმები. მეორე მიზეზი კი დაკავშირებულია კაპიტალიზმის, როგორც მსოფლიო სისტემის ფუნქციონირების პრინციპებთან. ეს საკითხი იყოფა ორად: თუ როგორ იღებენ მწარმოებლები მოგებას(მონოპოლია) და როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ისეთ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც მწარმოებლებს შეეძლებათ მოგების მიღება.(კვაზი-მონოპოლია) განვიხილოთ თითოეული მათგანი თანმიმდევრობით.

როგორ მიიღება მოგება

კაპიტალიზმი არის სისტემა, რომლის არსი კაპიტალის დაუსრულებელ ზრდაში მდგომარეობს. იმისათვის, რომ კაპიტალი დაგროვდეს და გაიზარდოს, მწარმოებლებმა უნდა მიაღწიონ წარმატებას და მოგებას საკუთარ საქმიანობაში. თუმცა არსებითი მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელს შეუძლია გაყიდოს თავისი პროდუქცია იმ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ამ პროდუქციის წარმოების ხარჯებს. ამგვარად სრულყოფილი კონკურენციის პირობებში, მნიშვნელოვანი მოგების მიღება აბსოლუტურად შეუძლებელია. იდეალური კონკურენციის პირობებში(ანუ როდესაც არსებობს მრავალრიცხოვანი გამყიდველები, მყიდველები და აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ფასებზე) ნებისმიერი გონიერი მყიდველი ივლის გამყიდველიდან გამყიდველამდე მანამ სანამ არ იპოვნის ისეთს ვინც საკუთარ საქონელს მინიმალურ ფასად მიყიდის, რომელიც შესაძლოა თვითღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ან საერთოდ მასზე დაბალიც კი იყოს.

ამგვარად მნიშვნელოვანი მოგების მიღება შეუძლებელია მონოპოლიის, ან თუნდაც კვაზი-მონოპოლიური მდგომარეობის გარეშე. მონოპოლიის პირობებში მწარმოებელს შეუძლია პროდუქციას დაადოს ნებისმიერი ფასი, სანამ ის არ სცდება ელასტიური მოთხოვნის ზღვარს. ყოველთვის, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში ხდება მნიშვნელოვანი გაფართოება, ჩვენ შეგვიძლია ამა თუ იმ მონოპოლიზირებული დარგებიდან ’წამყვანად’ ერთი გამოვყოთ. რომლის მონოპოლიური წარმოება უზრუნველყოფს განსაკუთრებით მსხვილ მოგებას და კაპიტალის დიდი რაოდენობით დაგროვებას. სწორედ ეს ლიდერი დარგი სწევს წარმოების ყველა სხვა დანარჩენ სფეროს და ხდება მსოფლიო ეკონომიკური ექსპანსიისა და გაფართოების საფუძველი. ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ კონტრადიევის ციკლის ა ფაზას.

კაპიტალისტებისთვის სამწუხაროდ, ნებისმიერ მონოპოლიაში, მისი თვითლიკვიდაციის მექანიზმია ჩადებული. ამის მიზეზი გლობალურ ბაზარში მდგომარეობს, რომელშიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდნენ ახალი მწარმოებლები, როგორი ძლიერი პოლიტიკური დაცვაც არ უნდა ქონდეს აღნიშნულ მონოპოლიას. რა თქმა უნდა ბაზარზე შესვლისათვის დროა საჭირო, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ხდება და შესაბამისად კონკურენციაც იზრდება. ამიტომ კაპიტალიზმის ადეპტების მტკიცებით ფასები ეცემა. რის პარალელურადაც ეცემა მოგებაც. როდესაც წამყვანი პროდუქციის გაყიდვისაგან მიღებული მოგება ეცემა, მსოფლიო ეკონომიკური ექსპანსია სრულდება და სტაგნაციის პერიოდი იწყება. ჩვენ ამას კონტრადიევის ციკლის ბ ფაზას(დაღმასვლის) ვუწოდებთ. ემპირიული დაკვირვებებით, ა და ბ ფაზების ერთობლივი ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 50-60 წლისაგან შედგება, თუმცა მათი ზუსტი ხანგრძლივობა მერყეობს. რა თქმა უნდა ბ ფაზის დროს შესაძლოა კვლავ წარმოიქმნას ახალი მონოპოლიები და ისევ დაიწყოს ა ფაზა. თუმცა ამ პროცესის მექანიზმით ჩვენ ახლა დაინტერესებულნი არ ვართ.

როგორ ყალიბდება მსოფლიო წესრიგი

კაპიტალისტური მოგების მისაღებად მეორე პირობას წარმოადგენს, მეტ-ნაკლებად მისაღები მსოფლიო წესრიგის მიღწევა. შესაძლოა მსოფლიო ომები და შეიარაღებული კონფლიქტები კარგად ჯდებოდნენ ცალკეული კაპიტალისტების ინტერესებში, მაგრამ ამავდროულად, ფართომასშტაბიანმა საერთაშორისო კონფლიქტებმა შესაძლოა გამოიწვიოს დიდძალი რაოდენობის კაპიტალის დაკარგვა ან განადგურება და აგრეთვე შექმნას სერიოზული წინაღობები საერთაშორისო ვაჭრობისათვის. მთლიანობაში ზოგადად მსოფლიო ომები ნეგატიურად მოქმედებს მთლიან მსოფლიო ეკონომიკაზე, რაც არაერთხელ აღნიშნა შუმპეტერმა.

იმისათვის, რომ მსოფლიო ეკონომიკის საერთო ბალანსი დადებითად დარჩეს, საჭიროა შედარებითი სტაბილურობა. ამგვარი სტაბილურობის უზრუნველყოფა, წარმოადგენს ჰეგემონის ამოცანას, რომელიც საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისათვის რომ შეძლოს მთლიან მსოფლიო სისტემაში შედარებითი სტაბილურობის დამყარება და დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე მისი შენარჩუნება. ჰეგემონიის ციკლები, უფრო დიდი ხანგრძლივობისაა, ვიდრე კონტრადიევის ციკლები. მსოფლიოში, რომელიც მრავალი ე.წ. სუვერენული სახელმწიფოებისგან შედგება, არც ისე ადვილია დაიმკვიდრო ჰეგემონის სტატუსი. უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე ეს მხოლოდ სამმა ქვეყანამ მოახერხა. პირველად გაერთიანებულმა პროვინციებმა(ნიდერლანდები) XVII საუკუნის შუაში, შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ(დიდი ბრიტანეთი) XIX საუკუნის შუაში და ბოლოს შეერთებულმა შტატებმა XX საუკუნის შუაში.

ჰეგემონის ძალაუფლების მიღება წარმოადგენს ხანგრძლივი ბრძოლის შედეგს, სხვა პოტენციურ პრეტენდენტებთან. ყოველთვის ჰეგემონის პოზიციას იკავებს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც სხვადასხვა მიზეზებით და სხვადასხვა საშუალებებით შეუძლია შექმნას, ყველაზე ეფექტური ეკონომიკური წარმოების მექანიზმი, და შემდეგ გაიმარჯვოს ’ოცდაათწლიან ომში’ ძირითად მოწინააღმდეგესთან.

ამჯერადაც არ შევჩერდებით იმ საკითხზე, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. მთავარია, რომ როგორც კი კონკრეტული სახელმწიფო მიაღწევს ჰეგემონობას, მას ეძლევა შესაძლებლობა დააწესოს საკუთარი წესები, რომლითაც იმუშავებს სახელმწიფოთაშორისო სისტემა. ჰეგემონი სახელმწიფო ერთდროულად ცდილობს უზრუნველყოს მსოფლიო სისტემის მშვიდი ფუნქციონირება და მაქსიმალურად გაზარდოს კაპიტალის დაგროვების ოდენობა, რომელიც მიედინება მისი მოქალაქეებისა და წარმოების საშუალებებისკენ. ასეთ მდგომარეობას შეგვიძლია ერთგვარად გეოპოლიტიკური ძალაუფლების კვაზი-მონოპოლია ვუწოდოთ.

მაგრამ ჰეგემონსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ზემოთ ჩამოვაყალიბეთ. ნებისმიერი მონოპოლიისთვის ადრე თუ გვიან თვითლიკვიდაციაა დამახასიათებელი. ორი მიზეზის გამო: ერთის მხრივ, იმისათვის, რომ შეინარჩუნო მსოფლიო წესრიგი ჰეგემონ სახელმწიფოს დრო და დრო სამხედრო ძალის გამოყენება უწევს. თუმცა პოტენციური სამხედრო ძალა, ყოველთვის უფრო მრისხანედ გამოიყურება, ვიდრე რეალურად გამოყენებადი სამხედრო ძალა. სამხედრო ძალის გამოყენება იწვევს მატერიალურ ხარჯებს და ადამიანურ მსხვერპლს. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ჰეგემონი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც თავდაპირველად ამაყობენ გამარჯვებებით, თუმცა საომარი მოქმედებებისას მაღალი მატერიალური და ადამიანური მსხვერპლის გაღების გარდაუვლობა თავდაპირველ ენთუზიაზმს აქრობს და იწყება უკმაყოფილების გამოხატვა. ამასთან მსხვილი სამხედრო მოქმედებები თითქმის ყოველთვის ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო როგორც ჰეგემონისთვის ისე მისი მოკავშირეებისთვის. და ეს წარუმატებლობა აძლიერებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, რომლებიც გამოდიან არსებული ჰეგემონის წინააღმდეგ.

მეორე მიზეზი, მდგომარეობს იმაში, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი ჰეგემონს შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი ეკონომიკის მაღალი ეფექტურობა, ეკონომიკური ეფექტურობა სხვა ქვეყნებშიც იზრდება. ამგვარად იძენენ რა ძალას, მათ ეკარგებათ სურვილი დაემორჩილონ ჰეგემონი ქვეყნის დიქტატს. და იწყება ჰეგემონური ძალაუფლების ნელი კლების პროცესი, ეს პროცესი თანდათანობითია, თუმცა შეუქცევადად მიმდინარეობს.

ტრიუმფი და დაცემა

1965-1970 წლებში ორი ფაზის დაღმასვლის თანხვედრა მოხდა(პირველი დასრულდა ისტორიაში ყველაზე მძლავრი კონტრადიევის ციკლი და მეორე დასრულდა ყველაზე მძლავრი ჰეგემონის ციკლი) რამაც ამ გადამწყვეტ მომენტს განსაკუთრებული სიმძაფრე შესძინა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ დროს მოხდა 1968 წლის მსოფლიო რევოლუცია,(რეალურად 1966-1970 წლები) რომელიც ამ გარდამტეხი მომენტის, ერთგვარ გამოხატულებად იქცა.

1968 წლის მსოფლიო რევოლუციამ მესამე ჰეგემონიის დაღმასვლაც გამოიწვია, ტრადიციული ანტისისტემური მოძრაობების ე.წ. ’ძველი მემარცხენეების’ დაღმასვლის სახით. ’ძველი მემარცხენეები’ ფაქტობრივად მსოფლიო სოციალისტური მოძრაობის ორ სახეობას წარმოადგენს კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს,(გარდა ამისა ტრადიციულ ანტისისტემურ მოძრაობებს მიაკუთვნებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებსაც), რომლებიც ნელა და დაჟინებით გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ძირითადად XIX საუკუნის ბოლო მესამედსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში. ’ძველი მემარცხენეების’ მოძრაობა, რომელიც 1870 წლისათვის სუსტ და პოლიტიკურად მარგინალურ მოვლენას წარმოადგენდა, დაახლოებით უკვე 1950 წლისთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში და სერიოზულ ძალას წარმოადგენს.

ამ მოძრაობებმა საკუთარი მობილიზაციის შესაძლებლობის მაქსიმუმს 1945-1968 წლებში მიაღწიეს, ზუსტად იმ დროს, როდესაც განსაკუთრებულად ძლიერი კონტრადიევის აღმასვლის ფაზა ამერიკის ჰეგემონიის პერიოდს დაემთხვა. შეიძლება ჩემი დასკვნა საღ აზრს უპირისპირდებოდეს, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს შემთხვევით მოხდა, მსოფლიო ეკონომიკის დაუჯერებელმა ზრდამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კაპიტალსიტები ცდილობდნენ არ დაეშვათ საკუთარი საწარმოო პროცესების შეფარხება მუშებთან კონფლიქტის გამო, მითუმეტეს, რომ ამგვარი ამბოხების შედეგი შეიძლება უფრო ძვირი ყოფილიყო, ვიდრე დათმობები მუშებთან და მათი მინიმალური მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში, ამან განაპირობა პროდუქციის ღირებულების ზრდა, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი ფაქტორი, წამყვანი დარგების კვაზი-მონოპოლიური მდგომარეობის დასრულების. მაგრამ კაპიტალისტების უმრავლესობა მოქმედებდა მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაციის მიზნით — დავუშვათ უახლოესი სამი წლის პერიოდზე — და არ უფიქრიათ იმაზე თუ რა მოხდებოდა მომავალში.

ანალოგიური მოსაზრებები განსაზღვრავდა ჰეგემონი ქვეყნის პოლიტიკასაც. მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო სტაბილურობის შენარჩუნება მსოფლიო სისტემაში. შეერთებული შტატებმა გადაწყვიტა შეედარებინა რეპრესიული ქმედებებისთვის მსოფლიო მასშტაბით გაწეული ხარჯების საფასური, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების განადგურების საჭიროებისათვის. რის შემდეგაც თავდაპირველად ზედაპირულად, მაგრამ შემდეგ უფრო მტკიცედ, ამერიკა იწყებს მართული ’დეკოლონიზაციის’ პროცესის მხარდაჭერას, რამაც გამოიწვია კიდეც ამ მოძრაობების ხელისუფლების სათავეში მოსვლა.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 1960-იანი წლების შუაში ’ძველი მემარცხენეების’ მოძრაობამ საკუთარი ისტორიული მიზანი შეასრულა და თითქმის ყველგან მოვიდა ხელისუფლებაში — თუნდაც ნომინალურად. კომუნისტური პარტიები მართავდნენ მსოფლიოს ერთ მესამედს — ე.წ. სოციალისტური ბლოკის ქვეყნებს. პლანეტის მეორე მესამედის, თითქმის ყველა ქვეყნებში — პანევროულ მსოფლიოში — ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები იყვნენ სულ მცირე სხვა პარტიებთან ერთად. გარდა ამისა მხედველობაში უნდა გვქონდეს ის რომ სოციალ-დემოკრატების პრინციპული ამოცანა — საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო აშენება — გარკვეულწილად მიღებულ და გატარებულ იქნა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, კონსერვატორების მიერაც. ბოლოს, ყოფილი კოლონიური ქვეყნების უმრავლესობაშიც ხელისუფლებაში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები მოვიდნენ.(ლათინურ ამერიკაში, სხვადასხვა სახის პოპულისტური მოძრაობები)

ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ: ’ძველი მემარცხენეები’ ხელისუფლებაში მოვიდნენ ’ნომინალურად’. უმრავლესობა ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური აქტივისტებისა დღეს კრიტიკულად აფასებენ ამ მოძრაობის წარმატებებს და ეჭვი შეაქვთ იმაში, მოიტანა თუ არა მათმა ხელისუფლებაში ყოფნამ რაიმე მნიშვნელოვანი ნაყოფი. მაგრამ ეს არის რეტროსპექტიული და ისტორიულად ანაქრონისტული თვალსაზრისი. კრიტიკოსები ივიწყებენ იმ საერთო მსოფლიო ტრიუმფის შეგრძნებას, რომელსაც ზუსტად იმ პერიოდში მიაღწიეს ’ძველმა მემარცხენეებმა’ და მათმა მხარდამჭერებმა, ტრიუმფალიზმი, რომელიც დაკავშირებული იყო მათ ხელისუფლებაში მოსვლასთან. კრიტიკოსები აგრეთვე ივიწყებენ იმ საყოველთაო შიშის გრძნობას, რომელსაც მოეცვა ყველაზე მდიდარი და კონსერვატიული ნაწილი მსოფლიოსი, რომელთაც გაუჩნდათ შიში იმისა, რომ დაიწყებოდა დესტრუქციული ეგალიტარიანიზმის შეუქცევადი პროცესი.

რევოლუციის ხანმოკლე წარმატება

1968 წლის მსოფლიო რევოლუციამ ყველაფერი ეს შეცვალა. შეხედულებები და რიტორიკა, მათი ვინც მონაწილეობდა იმ პერიოდის მრავალრიცხოვან ამბოხებებში მოიცავდა სამ თემას, და თითოეული მათგანი წარმოადგენდა ძველი წარმატებების გადაფასების მცდელობას. პირველი თემა დაკავშირებული იყო ამერიკული ჰეგემონიზმის დაუცველობასა და მოწყვლადობასთან. ტიპიურ თუმცა არა ერთადერთი მაგალითის როლს აქ ვიეტნამი ასრულებდა. ტეტის შეტევა(საახალწლო შეტევა) მიჩნეულ იქნა, როგორც ამერიკული სამხედრო ძლიერების დასამარების დასაწყისად. ახალი განწყობა, ასევე აისახა, საბჭოთა კავშირის რევოლუციური როლის გააზრებაზეც, რომელიც უკვე 1956 წლიდან საყოველთაოდ აღიარებულ იქნა, როგორც ამერიკის ჰეგემონიის საიდუმლო თანამონაწილე.

მეორე თემას წარმოადგენდა ის, რომ ’ძველმა მემარცხენეებმა’ თავიანთი სამივე განსხვავებული ვარიაციით ვერ შეძლეს შეესრულებინათ საკუთარი ისტორიული დაპირებები. მათ თავიანთი საქმიანობა ააგეს ე.წ. ’ორსაფეხუროვან’ სტრატეგიაზე — პირველად ძალაუფლების აღებაზე და შემდეგ უკვე მსოფლიოს შეცვლაზე. ამის საპასუხოდ ბუნტიორები ამბობდნენ: ’თქვენ მოიპოვეთ ძალაუფლება, მაგრამ ვერ მოახერხეთ შეგეცვალათ მსოფლიო, და თუკი ჩვენ გვინდა შევცვალოთ მსოფლიო, მაშინ უნდა ჩაგანაცვლოთ თქვენ ახალი მოძრაობებითა და სტრატეგიებით და ჩვენ გავაკეთებთ ამას’. ჩინეთის კულტურული რევოლუცია ბევრის მიერ აღქმული იქნა როგორც შესაძლო მაგალითი ასეთი შესაძლებლობისა.

მესამე თემა მდგომარეობდა იმაში, რომ ’ძველი მემარცხენეების’ მოძრაობა იგნორირებას უკეთებდა ’დავიწყებულ ხალხს’ — მათ ვინც განიცდიდა ჩაგვრას საკუთარი რასის, სქესის, ნაციონალური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო. ბუნტიორები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა შესრულდეს თანასწორობის პრინციპი, ამ ჯგუფების მიმართ და არ შეიძლება მისი გადადება მომავლისთვის, იმ დროისათვის, როდესაც ’ძველი მემარცხენეების’ მთავარი პარტიები შეასრულებენ თავიანთ ისტორიულ ამოცანებს. ეს მოთხოვნები — ამბობდნენ ბუნტიორები — წარმოადგენს გადაუდებელ პრობლემას ამჟამინდელი მომენტისა და არა მომავალი დროის. აქ ხშირ შემთხვევაში მაგალითად მოჰყავდათ, ამერიკაში არსებული მოძრაობა ’ძალაუფლებას შავებს’.

1968 წლის მსოფლიო რევოლუციამ კოლოსალურ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამავდროულად იქცა კოლოსალურ პოლიტიკურ მარცხადაც. ის აღდგა, როგორც ფენიქსი და მთელი მსოფლიო ააელვარა ნათელი ალით, მაგრამ შემდეგ 1970-იანების შუაწელისთვის ეს ალი თითქმის ყველგან ჩაქრა. სად გაქრა ეს ცეცხლი? არსებითად რევოლუციის მიღწევები საკმაოდ მწირი აღმოჩნდა. ცენტრისტულმა ლიბერალიზმმა დაკარგა თავისი დომინანტური იდეოლოგიის როლი და გარდაიქმნა ერთ-ერთად მრავალ იდეოლოგიებს შორის. ’ძველი მემარცხენეების’ მოძრაობამ კრახი განიცადა ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით. უშუალოდ 1968 წლის რევოლუციონერების ტრიუმფი, კი შედგებოდა ცენტრისტული ლიბერალიზმის დაქვემდებარებისგან განთავისუფლებით, რომელიც სუსტი და მოკლე ვადიანი აღმოჩნდა.

კონტრშეტევა: კონსერვატიული გლობალიზაცია

მემარჯვენე მოძრაობები ზუსტად ასევე განთავისუფლდნენ, ცენტრისტულ ლიბერალიზმთან რაიმე სახის მიკუთვნილებისაგან. მათ გამოიყენეს მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაცია და ’ძველი მემარცხენეების’ მარცხი, და განახორციელეს კონტრშეტევა, რასაც ჩვენ ნეოლიბერალურ(სინამდვილეში უფრო კონსერვატიულ) გლობალიზაციას ვუწოდებთ.

ამ კონტრშეტევის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა დაბალი კლასების მიერ კონტრადიევის ციკლის ა ფაზის დროს მიღებული ყველა მიღწევისა და სარგებლის ლიკვიდაცია. მემარჯვენეები მიისწრაფვოდნენ, რომ შეემცირებინათ წარმოების ყველა ძირითადი ხარჯები, მოახდინათ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფოს ყველა სახეობის დემონტაჟი და შეეჩერებინათ ამერიკის გლობალური ძალაუფლების ვარდნა მსოფლიო სისტემაში. ამ შეტევის კულმინაციად იქცა 1989 წელი, როდესაც საბჭოთა კავშირის კონტროლიდან გამოვიდა, მისი აღმოსავლეთ ევროპული სატელიტები. შემდეგ კი თვითონ საბჭოთა კავშირის დანგრევა მემარჯვენე ძალების მოულოდნელი ტრიუმფის საბაბად იქცა მთელს მსოფლიოში. კიდევ ერთი ილუზია!

მემარჯვენეების შეტევამ გრანდიოზულ წარმატებასთან ერთად გრანდიოზული წარუმატებლობაც მოიტანა. 1970-იანი წლებიდან კაპიტალის დაგროვებას უზრუნველყოფდა, გადასვლა წარმოების მეშვეობით მოგების მიღებიდან, ფინანსური მანიპულაციების მეშვეობით მოგების მიღებაზე, რომელსაც უფრო ზუსტად სპეკულაცია შეიძლება ვუწოდოთ. ამ სპეკულაციის ძირითადი მექანიზმი მდგომარეობდა, კრედიტირების მეშვეობით წახალისებულ და გაზრდილ მოხმარებაზე. არსებითად, ეს ხდება ნებისმიერი კონტრადიევის ციკლის ბ ფაზის დროს.

თუმცა ამჯერად სიახლე იყო, სპეკულაციებისა და დავალიანებების მასშტაბი. ყველაზე ძლიერი აღმავლობის ა ფაზა, რომელიც კი დაფიქსირებულა კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში, შეიცვალა ყველაზე ძლიერი სპეკულაციური მანიით. სპეკულაციური ბუშტები გაიბერა და მთელი მსოფლიო სისტემა მოიცვა — დაწყებული 1970-იან წლებში მესამე სამყაროსა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ეროვნული ვალებით, დამთავრებული მსხვილი კორპორაციების უსარგებლო ობლიგაციებით 1980-იან წლებში, სამომხმარებლო დავალიანებებით 1990-იან წლებში და ამერიკის მთავრობის საგარეო ვალით ბუშის ეპოქაში. სისტემა მოძრაობს ერთი სპეკულაციური ბუშტიდან მეორისკენ. დღესდღეობით კი მსოფლიოში მხოლოდ ერთი სპეკულაციური ბუშტი დარჩა — ბანკების დოტაცია და დოლარის მასიური ბეჭდვა.

კრიზისი, რომელიც სახეზეა მსოფლიოში, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ძალიან ღრმა იქნება. ის გაანადგურებს ეკონომიკური სტაბილურობის უკანასკნელ და სუსტ საყრდენსაც, ამერიკული დოლარის როლს, როგორც სარეზერვო ვალუტისა, რომელიც უზრუნველყოფს დანაზოგების უსაფრთხოებას. და როცა ეს მოხდება მთავარი პრობლემა მსოფლიოს ყველა მთავრობისა აშშ-დან ჩინეთამდე, საფრანგეთიდან რუსეთამდე და ბრაზილიამდე, არაფერს აღარ ვამბობ უფრო პატარა ქვეყნებზე — გახდება სამუშაოს გარეშე დარჩენილი მუშებისა და საშუალო კლასის უკმაყოფილებისა და ამბოხებისგან თავის დაცვა, რომლებიც დაკარგავენ თავიანთ შემოსავლებს, დანაზოგებსა და პენსიებს. ხალხის რისხვისაგან თავდაცვის საშუალებად მთავრობები როგორც წესი მიმართავენ ფულის ბეჭვდასა და პროტექციონიზმს, რომლებიც მათი თავდაცვის პირველ ხაზის როლს თამაშობენ.

ასეთი ღონისძიებებით შესაძლებელია, იმ საფრთხეების არიდება, რომელიც ხელისუფლებას ემუქრება და ჩვეულებრივი ხალხის მდოგომარეობის შემსუბუქება. მაგრამ მთლიანობაში, ეს კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას. სისტემა ჩიხში შედის, საიდანაც გამოსვლა მსოფლიოს ძალიან გაუჭირდება. ეს ჩიხი გამოხატავს სულ უფრო და უფრო მძლავრ რყევებს, რომლებიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან რაიმე სახის მოკლევადიანი ეკონომიკური ან პოლიტიკური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას. და ეს თავის მხრივ კიდევ უფრო ამწვავებს საყოველთაო შიშსა და გაუცხოებას ჩვეულებრივ ხალხში.

ზოგჯერ ამბობენ, რომ მკვეთრად გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა აზიური ქვეყნებისა — პირველ რიგში იაპონიის, შემდეგ სამხრეთ კორეის და ტაივანის და ბოლოს ჩინეთისა და უფრო ნაკლებად ინდოეთის — ქმნის წინაპირობას ახალი კაპიტალისტური აღორძინების ტალღის აგორებისა, წარმოების მარტივი გეოგრაფიული გადანაცვლების მეშვეობით. კიდევ ერთი ილუზია!

აზიის შედარებითი გაძლიერება რეალობაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო მძლავრად უთხრის ძირს კაპიტალისტურ სისტემას, რადგან სწრაფად იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომელთა შორის დამატებითი ღირებულებაა გავრცელებული. კაპიტალისტური სისტემის ელიტა კი შეუძლებელია იყოს ძალიან დიდი, რადგან ეს ამცირებს (და არ ზრდის) კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას. ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია აჩქარებს სტრუქტურული მომგებიანობის კლებას მსოფლიო კაპიტალისტურ ეკონომიკაში.

კაპიტალიზმის საზღვრები

საითკენ მიდის მსოფლიო? ამ კითხვაზე საპასუხოდ, ჩვენს განხილვაში კიდევ ერთი ელემენტი უნდა ჩავრთოთ — მსოფლიო სისტემების მუდმივი ტენდენცია, რომელიც ხორციელდება, ციკლური რიტმების გარეშე.

ნებისმიერი ტიპის სისტემა ფუნქციონირებს ერთიდაიმავე ფორმალური გზებით. ციკლური რიტმები განსაზღვრავენ მათ უწყვეტ მუშაობას — გნებავთ მათ სუნთქვას. სისტემა გადის უამრავი აღმასვლისა და დაღმასვლის ფაზებს, ზოგჯერ უფრო ძლიერს, ზოგჯერ კი უფრო სუსტს. თუმცა დაღმასვლის ფაზა არასდროს სრულდება იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აღმავლობის წინა ფაზა. იმისათვის, რომ ციკლი განახლდეს და დაიწყოს ახალი ა ფაზა, ყოველთვის საჭიროა სისტემური საფასურის გადახდა. სისტემა ყოველთვის უნდა წავიდეს კიდევ უფრო მეტი წონასწორობისკენ, თუნდაც ის ისედაც მოძრაობდეს წონასწორობისკენ. მაგრამ პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ყველა აღმასვლის ფაზა ხელს უწყობს ასიმპტოტური უთანასწორობის ნელ ზრდას.

რთული მისახვედრი არ არის, როგორი მნიშვნელოვანია კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკისთვის უთანასწორობა, რამდენადაც კაპიტალიზმი არის სისტემა, რომლის არსი მდგომარეობს კაპიტალის დაუსრულებელ დაგროვებაში და რამდენადაც კაპიტალი გროვდება ბაზარზე მოგების მიღების გზით, საკვანძო პრობლემა ყველა კაპიტალისტისთვის მდგომარეობს იმაში თუ როგორ აწარმოონ პროდუქცია იმაზე რაც შეიძლება უფრო დაბალ ფასად, რომლითაც ის შეუძლიათ შემდგომში გაყიდონ. შესაბამისად ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რას წარმოადგენს წარმოების ხარჯები და რა განსაზღვრავს ფასს.

წარმოების ხარჯები იყოფა სამ ნაწილად: ხარჯები პერსონალზე(მთლიანი პერსონალი), საწარმოო პროცესის ხარჯები(ნებისმიერი ხარჯები) და გადასახადები(ნებისმიერი გადასახადი). ვფიქრობ რთული შესამჩნევი არ არის რომ დროის განმავლობაში ეს ხარჯები ადგენენ დიდ ნაწილს რეალური ფასისა, რომლითაც იყიდება პროდუქცია. ეს მიუხედავად კაპიტალისტების განუწყვეტელი მცდელობისა, რომ შეკვეცონ ხარჯები და მიუხედავად განუწყვეტელი ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სრულყოფისა, რომელიც ზრდის წარმოების ეფექტურობას. მოკლედ ავხსნათ თუ რატომ ხდება ასე და შემდეგ ასევე მოკლედ ავხსნათ თუ რატომ გააჩნია ელასტიურ მოთხოვნას საკუთარი საზღვრები.

ხარჯები პერსონალზე შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: შედარებით ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალა, საშუალო დონის კადრები და უმაღლესი რანგის მენეჯერები(ე.წ. ტოპ მენეჯერები). არაკვალიფიციური სამუშაო ძალისთვის ხარჯების გაზრდა, როგორც წესი დაკავშირებულია და შედეგია მუშების ერთობლივი ორგანიზებული მოქმედებისა. როდესაც ეს ხარჯები ხდება ძალიან მაღალი მეწარმეებისათვის და პირველ რიგში მათთვის ვინც წარმოადგენენ წამყვან ინდუსტრიებს, ძირითადი რეცეპტი არის, დაღმასვლის ფაზის დროს წარმოების გადატანა იმ ადგილებში, სადაც ისტორიულად დაბალი ხელფასებია. როდესაც იქაც მუშები მიმართავენ ანალოგიურ კოლექტიურ მოქმედებებს, წარმოება კვლავ სხვაგან გადადის. ეს არის ძვირი, მაგრამ ეფექტური გზა.

თუმცა გლობალური მასშტაბით მოქმედებს ’წრიალის ეფექტი’. გაზრდილი ხარჯები არასდროს არ იძლევა სრული კომპენსირების შესაძლებლობას. მსოფლიოში უკვე აღარ დარჩა ადგილი სადაც შესაძლებელია წარმოების გადატანა, იმიტომ რომ ბოლო 500 წლის მანძილზე ეს პროცესი განმეორდა რამოდენიმეჯერ, რაც დასტურდება მსოფლიო სისტემის დერურალიზაციით.(ურბანიზაციით)

გაზრდილი ხარჯები საკადრო თანამშრომლებზე, წარმოადგენს შედეგს ორი სხვდასხვა პროცესისა: პირველი საწარმოო ერთეულის გაზრდილი მასშტაბი, საჭიროებს უფრო მეტ საშუალო დონის პერსონალს, რაც ზრდის საერთო გასავალს პერსონალზე. მეორე დაბალკვალიფიციური მუშახელის არაერთი კოლექტიური მოქმედებების შედეგად, წარმოშობილი პოლიტიკური რისკები, რომლის ნეიტრალიზირება ხდება ძლიერი საშუალო ფენის შექმნით, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს მმართველი კლასის პოლიტიკური მოკავშირე. და მაგალითად შესაძლო ვერტიკალურ მობილურობას არაკვალიფიციური უმრავლესობისათვის, რაც თავის მხრივ თავიდან აიცილებს მათ პოლიტიკურ მობილიზაციას.

გაზრდილი დანახარჯები მაღალი რანგის მენეჯერებისათვის, არის პირდაპირი შედეგი ბიზნეს-სტრუქტურების მზარდი სირთულეების — ცნობილი დაყოფა საკუთრებისა და კონტროლის. ეს ელიტარულ მენეჯერებს საშუალებას აძლევს მიითვისონ კიდევ უფრო დიდი ნაწილი კომპანიის შემოსავლებისა, რითაც მცირდება თანხების რაოდენობა, რომელიც მიემართება ”მფლობელებისკენ’ როგორც მოგება ან წარმოების რეინვესტირებისთვის მიმართული თანხები. ამ პროცესმა განსაკუთრებული მასშტაბები, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეიძინა.

წარმოების ხარჯებიც იზრდება ანალოგიური მიზეზით. კაპიტალისტების ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია ხარჯების ექსტერნალიზაციაზე, რაც გულისხმობს სწრაფვას იმისაკენ, რომ გადაიტანონ ხარჯების ნაწილი სხვის მხრებზე. შესაძლებელია სამი ძირითადი სახის ექსტერნალიზაცია — ტოქსიკური ნარჩენების გადამუშავება, რესურსების განახლება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში XVI საუკუნიდან, როდესაც მსოფლიო კაპიტალისტური ეკონომიკის წარმოშოიშვა 1960 წლამდე, ხარჯების ექსტერნალიზაცია აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა. როგორც წესი პოლიტიკური ხელისუფლებაც არ გამოთქვამდა მის საწინააღმდეგოდ არანაირ პროტესტს.

XXI საუკუნეში, როდესაც კლიმატის ცვლილების საკითხი ფართო დისკუსიის საგანი გახდა. სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ბუნებრივ პროდუქტებზე და გაძლიერდა მწვანეთა მოძრაობები, ძნელი დასაჯერებელია, რომ კვლავ შეეგუონ იმას, რაც ხდებოდა ხუთი საუკუნის განმავლობაში, როდესაც ტოქსიკური ნარჩენები, უერთდებოდა საერთო მოხმარების წყლებს და ეს ითვლებოდა სავსებით ნორმალურად. ამჟამად ასეთი თავისუფალი საზოგადოებრივი საკუთრება თითქმის აღარ დარჩა — ანალოგიურად მსოფლიო სამუშაო ძალის დერურალიზაციისა. ჯანმრთელობის საკითხები და მასთან დაკავშირებული ხარჯები მოულოდნელად, იმდენად მწვავე საშინაო პრობლემად იქცა, რომ არ შეიძლება, მან არ გამოიწვიოს გადამწყვეტი პოლიტიკურ რეაქცია, გარემოს სისუფთავის დაცვის შენარჩუნებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით.

მეორე ექსტერნალიზაცია დაკავშირებულია რესურსების განახლებასთან, რომელიც სერიოზული პრობლემა გახდა ასევე ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო. უეცრად ყველა შეშფოთდა რესურსების უკმარისობის გამო — უკმარისობის ენერგორესურსების, წყლის, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციების, თევზისა და ხორცის. ყველამ მოულოდნელად დაიწყო ღელვა იმ საკითხის გამო, თუ ვინ რა და როგორი მიზნით იყენებს ამ რესურსებს.

მესამე ექსტერნალიზაცია უკავშირდება ინფრასტრუქტურას. იმისათვის, რომ შენი პროდუქცია, მსოფლიო ბაზარზე გაიტანო საჭიროა ტრანსპორტი და კავშირები, ინვესტირება ამ მიმართულებით ზრდიან მათ სისწრაფესა და ეფექტურობას. თუმცა მეწარმეები ინფრასტრუქტურაზე ტრადიციულად გასავლების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავენ.

ყოველივე ამის შედეგი პოლიტიკურ ხელისუფლებას უბიძგებს, იმის საჭიროებისკენ, რომ საკუთარ თავზე აიღოს ტოქსიკური ნარჩენების დამუშავების, რესურსების განახლებისა და ინფრასტრუქტურის გაფართოების აუცილებელი ხარჯების ნაწილი. ეს რომ გაააკეთოს, მთავრობა იძულებულია გაზარდოს გადასახადები. გარდა ამისა არ სურთ მათი გაკოტრება, ისინი თხოვენ მეწარმეებს, რომ მიმართონ უფრო მეტი ძალისხმევა ხარჯების ინტერნალიზაციაზე. რაც რა თქმა უნდა მკვეთრად სცემს წარმოების მომგებიანობას.

და ბოლოს იზრდება დაბეგვრა. გადასახადები იკრიფება ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დონეზე, გარდა ამისა, არსებობს კერძო გადასახადები კორუფციის ან გამომძალველობის სახით, რომელსაც ორგანიზებული მაფია ახორციელებს. არსებითად მწარმოებელისთვის სულერთია ვის უხდის ის გადასახადს. მისთვის ეს მხოლოდ ხარჯებია. მასშტაბები კერძო გადასახადებისა იზრდებოდა, მსოფლიო ეკონომიკური აქტიურობის გაფართოებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიული სტრუქტურის გართულებასთან ერთად. მაგრამ ძირითად იმპულსებს გადასახადების ზრდისა წარმოადგენდა მსოფლიო ანტისისტემური მოძრაობების გავლენა პოლიტიკურ კულტურაზე — რასაც მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიზაციაც შეიძლება ვუწოდოთ.

სახალხო მოძრაობები გამოდიოდნენ გარანტირებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მოთხოვნით სამ ძირითად სახელმწიფო მომსახურებაზე — განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე, ერთის მხრივ გაიზარდა ამ მომსახურეობების დონე და მეორეს მხრივ გაფართოვდა გეოგრაფია იმ ადგილებისა სადაც ჩნდება ასეთი მოთხოვნები. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ძალებს აღემატება მათი სრული დაკმაყოფილება. გარდა ამისა დღესდღეობით არ არსებობს, ისეთი ხელისუფლება, რომლისგანაც არ ითხოვენ სოციალურ უზრუნველყოფას, თუმცა განსხვავებული რაოდენობის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია ამ ქვეყნის კოლექტიურ სიმდიდრეზე.

Humpty Dumpty დაეცა

ყველა ეს სამივე სახე წარმოების ხარჯებისა, უკანასკნელი ხუთასი წლის მანძილზე სტაბილურად იზრდებოდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა აღინიშნა 1945 წლის შემდგომ პერიოდში. არ შეიძლება უბრალოდ ამაღლდეს პროდუქციის გაყიდვის ფასი, რათა რეალური მოგება შენარჩუნდეს? ზუსტად ამის გაკეთებას შეეეცადნენ 1970 წლის შემდეგ.

ასეთი ზრდა განხორციელდა მზარდი ფასების სახით, გამოწვეული გაზრდილი მოხმარებით, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იყო გაზრდილი კრედიტირებით. ეკონომიკური კრახი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით გამოწვეული იყო იმ ფაქტით რომ მოთხოვნის მოქნილობას თავისი საზღვრები აქვს. როდესაც ყველა ცხოვრობს მათი საშუალებების მიღმა, დგება მომენტი, როდესაც ვინმემ უნდა შეწყვიტოს ეს და შემდეგ ყველა დანარჩენი მიყვება მის მაგალითს.

ამ სამი ელემენტის ერთობლიობა — ’ჩვეულებრივი’ კრახის მასშტაბები, წარმოების ხარჯების რეალური ზრდა, და საგარეო ზეწოლა სისტემაზე, რაც გამოიხატება ჩინური(და საერთოდ აზიური) ეკონომიკის ზრდით, ნიშნავს იმას, რომ Humpty Dumpty დაინგრა კედელივით და მისი აღდგენა უკვე აღარავის შეუძლია. სისტემა ძალიან, ძალიან შორს არის წონასწორობოსგან და ამას ადასტურებს კოლოსალური რყევები. შედეგად მოკლევადიანი პროგნოზები შეუძლებელი ხდება და ეს იწვევს მოუმზადებლობას მივიღოთ გადაწყვეტილება. ზუსტად ასეთ მდგომარეოაბს ეწოდება სტრუქტურული კრიზისი.

დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით სისტემური პროცესის გაორების მდგომარეობაში. საკითხი უკვე აღარ მდგომარეობს იმაში, თუ როგორი მეთოდებით უნდა მოიშუშოს კაპიტალისტურმა სისტემამ ჭრილობები და განაახლოს შეტევა. საკითხი მდგომარეობს იმაში თუ რა ჩაანაცვლებს ამ სისტემას? და როგორი ტიპის წესრიგი იქნება ამორჩეული არსებული ქაოსური მდგომარეობიდან.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ კვლავ არ არის გასაგები. ხალხის უმრავლესობა აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც ძველი სისტემის დროს ცხოვრობდა და მუშაობს ძველი წესებით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი ცდებიან. სისტემა რეალურად კვლავ მოქმედებს და მისი წესებიც ძალაშია. მხოლოდ ამ ძველი წესების გამოყენება, კიდევ უფრო ამწვავებს სტრუქტურულ კრიზისს.

მითუმეტეს, რომ ზოგიერთები უკვე აცნობიერებენ, რომ ჩვენ სისტემური გაორების პროცესში ვიმყოფებით. და მათ ესმით, თუნდაც ინტუიტურად, რომ ამ მომენტში შეთანხმებული მოქმედება, საშუალებას გაძლევთ ერთმნიშვნელოვნად ამოირჩიოთ ერთი ან მეორე მიმართულება. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინაც კი თუკი სიტყვა ’გადაწყვეტილება’ მეტისმეტად ანთროპომორფისტულად ჟღერს.

სისტემური კრიზისის პერიოდი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც არენა, რომელზეც მიმდინარეობს ბრძოლა, ახალი სისტემის ასარჩევად. ამ ბრძოლის შედეგები თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია, მაგრამ ბრძოლის არსი აშკარაა. ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ალტერნატივის დეტალური აღწერა შეუძლებელია, მაგრამ მაინც შევეცადოთ გამოვყოთ მისი ყველაზე ზოგადი ნიშნები.

რთული არჩევანი


ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ’კოლექტიური’ არჩევანი ახალი სტაბილური სისტემის სასარგებლოდ, რომელიც ზოგიერთი თავისი ძირითადი მახასიათებლებით ძველ სისტემას მოგვაგონებს — კერძოდ იერარქიულობით, ექსპლუატაციითა და პოლარიზრებით. ეჭვგარეშეა, რომ მას შეუძლია მიიღოს ყველაზე განსხვავებული ფორმები, მათ შორის უფრო უხეში, ვიდრე ახლანდელი კაპიტალისტური სისტემაა, რომელშიც ვცხოვრობთ. სხვა მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ამოვირჩიოთ რადიკალურად განხვავებული სისტემა, რომელიც აქამდე არასდროს არ არსებულა — წინამორბედებთან შედარებით უფრო დემოკრატიული და შედარებით უფრო ეგალიტარიანული.

მე ამ ორ ვარიანტს ვუწოდებ ’დავოსის მოდელს’ და ’პორტუ-ალეგრეს მოდელს’. მაგრამ დასახელებები აქ მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია გამოვარკვიოთ, როგორი შესაძლო ორგანიზაციული სტრატეგიით, შესაძლოა ჩაერთოს ერთი ან მეორე მხარე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში — რომელიც ამ ან სხვა ფორმით მიდის 1968 წლის მსოფლიო რევოლუციის მომენტიდან და სავარაუდოდ არ დასრულდება 2050 წლამდე.

თუმცა სანამ გადავალთ სტრატეგიებზე, უნდა აღინიშნოს სტრუქტურული კრიზისის ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. სისტემური რყევები იმდენად დიდია, რომ თითქმის არანაირ ძალას არ ძალუძს მისი დაბრუნება წონასწორობის მდგომარეობისაკენ. სისტემის ’ნორმალური’ ფუნქციონირების ხანგრძლივ პერიოდში, ამ ძალებს შეუძლიათ წინ აღუდგნეენ და შეზღუდონ მასიური სოციალური მობილიზაციები(ე.წ. რევოლუციები) მაგრამ როდესაც სისტემა შორს არის წონასწორობისგან, ხდება საპირისპირო და პატარა სოციალურ მობილიზაციებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა.

კომპლექსური სისტემის თეორიაში ეს არის მდგომარეობა, რასაც ’პეპლის ეფექტი’ ეწოდება. გარდა ამისა ჩვენ შეგვიძლია ანტიკური ფილოსოფიის დისკურსის ტრადიციების მიხედვით ეს სიტუაცია წარმოვსახოთ მომენტად როდესაც თავისუფალი ნება დგება დეტერმინიზმზე მაღლა. პრიგოჟინი ამ სახით აღწერს კომპლექსურ სისტემას ’ვიწრო ბილიკი, ორ კონცეფციას შორის, რომელთაგან თითოეულს მივყავართ გაუცხოებისკენ: დეტერმინისტული კანონებით მართული სამყარო, არ ტოვებს ადგილს ნოვაციისთვის და ვიღებთ ღმერთის მიერ მართულ სამყაროს, სადაც ყველაფერი არის აბსურდული, ლოგიკას მოკლებული და გაუგებარი’.

მეორე ძირითადი მახასიათებელი სტრუქტურული კრიზისისა, მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ბანაკიდან არცერთს არ ყავთ და არ შეუძლიათ ყავდეთ ვერტიკალური სტრუქტურები. აქ არ არის და შეუძლებელია არსებობდეს მმართველი კლასის აღმასრულებელი კომიტეტი ან ჩაგრული კლასების პოლიტბიურო. მათ შორისაც კი ვინც აცნობიერებს, რომ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ახალი სისტემის არჩევისათვის და იღებენ მონაწილეობას, არსებობს მრვალრიცხოვანი მოთამაშეები, რომლებიც ექაჩებიან საბანს სხვადასხვა მიმართულებით და არ შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევის კოორდინირება. გარდა ამისა, ორივე ამ ჯგუფების გამორჩეულ მებრძოლებს არ ძალუძთ დაარწმუნონ უფრო ფართო ფენები, რომელიც წარმოადგენს პოტენციურ საფუძველს მათი მოძრაობებისა, ახალ სისტემაზე შესაძლო გადასვლის გზაზე. მოკლედ რომ ვთქვათ სტრუქტურული კრიზისის ქაოსი აისახა, ორი ბანაკის შედარებით ქაოტურ სტრუქტურაზე, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას იმისათვის თუ რა სისტემა შეცვლის მიმდინარეს.

ჩვენ ამ სტრუქტურული კრიზისი დროს, ისღა დაგვრჩენია, რომ მოვახდინოთ ორივე ბანაკის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ანალიზი, იმ მიზნით, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მორალური პრინციპებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

ოთხმრივი ბრძოლა

დავიწყოთ ’დავოსის მოდელის’ სახელით წოდებული ბანაკის სტრატეგიით. ამ ბანაკში სახეზეა ღრმა განხეთქილება. მათი ერთი ნაწილი შედგება მათგან ვინც მიისწრაფვის ააგოს უკიდურესად რეპრესიული სისტემა, რომელიც ღიად ახდენს პროპაგანდირებას იმ მსოფმხედველობისა, რომელიც გულისხმობს კვალიფიციური, ფარული, ყველა სახის პრივილეგიებით დაჯილდოებული ხელისუფლების მმართველობისა, რომელიც განაგებს მორჩილ სუბიექტებს. ისინი არა მარტო გამოდიან ასეთი მსოფლიო წესრიგის იდეით, არამედ გვთავაზობენ საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნას ოპოზიციური ძალების გასანადგურებლად.

მეორე ჯგუფს მიაჩნია, რომ გზა ხელისუფლებისა და პრივილეგიებისაკენ ძალზედ მერიტოკრატიულ სისტემაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომელიც მოახდენს თავის სამსახურში მნიშვნელოვანი კადრების რეკრუიტირებას, რადგანაც სისტემის მართვისათვის აუცილებელია არა იმდენად ძალა რამდენადაც დარწმუნება. ეს ჯგუფი მოუწოდებს ფუნდამენტური ცვლილებებისკენ და ბევრ ლოზუნგს სესხულობს ანტისისტემური მოძრაობებისგან — მათ შორის იდეებს ’მწვანე’ მსოფლიოს, მულტიკულტურული უტოპიისა და მერიტოკრატიული შესაძლებლობების შესახებ — მაგრამ არ სურთ უარი თქვან პოლარიზაციასა და უთანასწორობაზე.

რაც შეეეხება ’პორტუ-ალეგრეს მოდელად’ წოდებულ ბანაკს, აქაც შეინიშნება ანალოგიური განხეთქილება. ამ ბანაკში არიან ისინი ვინც გამოდიან მსოფლიოს მაქსიმალური დეცენტრალიზაციის იდეით, რომელშიც უპირატესობა ენიჭება რესურსების გრძელვადიან და რაციონალურ განაწილებას და არა ეკონომიკურ ზრდას. რომელშიც შესაძლებელია ინოვაციები, სპეციალისტების ვიწრო ჯგუფის გამოჩენის გარეშე, რომელიც საზოგადოების ფართო კონტროლი მიღმა იმყოფება. ეს ჯგუფი გვთავაზობს უნივერსალური სისტემის აგებას, რომელიც შედგება უსასრულო კომბინაციით სიბრძნისა, რომელიც შექმნილი და წარმოებული იქნება სხვადასხვა კულტურის ხალხის მიერ.

მეორე ჯგუფი ორიენტირებულია და აგრძელებს ორიენტირებას ზემოდან ტრანსფორმირებაზე. პერსონალზე და სპეციალისტებზე, რომლებიც თვლიან რომ ისინი უკეთ ერკვევიან სხვა გარემოებებში. ეს ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს ისეთ მსოფლიო წესრიგს, რომელიც მიისწრაფვის უფრო მეტი კოორდინირებისა და ინტეგრაციისკენ და არა დეცენტრალიზაციისკენ. იგი ერთგულია ფორმალური ეგალიტარიანიზმისა, მაგრამ შიში აქვს რეალური ინოვაციებისა და არ აქვს საკმარისი მოთმინება იმისათვის, რომ ააშენოს ჭეშმარიტად გლობალური, მრავალმხრივი უნივერსალიზმი.

ამგვარად, მე ვვარაუდობ არა ორმხრივ არამედ ოთხმრივ ბრძოლას ახალი სისტემის შექმნისათვის როგორც ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ისე თითოეული მათგანის შიგნით. ჩვენ ვიღებთ დამაბნეველ სიტუაციას — მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით დაბნეული ინტელექტუალებით. რომელთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ამ ბრძოლის რეზულტატები პრინციპულად არაპროგნოზირებადი და ბუნდოვანი ხასიათისაა.

დასკვნა

რა შეიძლება ითქვას, პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ რომლებიც ყველა ჩვენგანმა უნდა გადავდგათ — როგორც ინდივიდებმა და როგორც სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ძლიერი ჯგუფების წარმომადგენლებმა — იმისათვის, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს?

ზუსტი რეკომენდაციების მიცემა შეუძლებელია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხაზი გავუსვათ ძირითად მიმართულებებს. მე თავში გავივლე სია იმ ქმედებების, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ მოკლევადიან პერიოდში, იმ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ძველი სისტემის დემონტაჟთან და რთულ გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები. პირადად მე არ ვარ უარყოფითად განწყობილი არჩევნებში გამარჯვების მცდელობებზე, და თუნდაც ღარიბების მდგომარეობის როგორმე გაუმჯობესებაზე. იურიდიული და აპოლიტიკური უფლებების დაცვაზე, ბრძოლაზე პლანეტარული სიმდიდრის განადგურების წინააღმდეგ და ბრძოლაზე კოლექტიური გადარჩენის პირობების შესანარჩუნებლად. მე ამ ყველაფერზე არ მეცინება, მაგრამ არ მივიჩნევ, რომელიმეს ამ მიღწევათაგან იმაზე მეტად, ვიდრე მოკლევადიან შემსუბუქებას პალიატიური ტანჯვისგან. თავისი არსით ისინი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ნაბიჯებს ახალი ჩვენთვის მისაღები სისტემის შექმნისკენ.

მეორე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ — გამუდმებით მივიღოთ მონაწილეობა ინტელექტუალურ დისკუსიებში სასურველი მსოფლიო სისტემის პარამეტრების და შესაძლო გადასვლის სტრატეგიების შესახებ. ამის გაკეთება საჭიროა რეგულარულად, ამასთან მზადყოფნა მოვისმინოთ სხვათა განსხვავებული აზრი და შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ მათ თვალსაზრისს. რეგულარული გახსნილი დისკუსია საშუალებას იძლევა უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს თუ რა გველის მომავალში. ეს უთუოდ მოგვიტანს ჩვენ ერთობას და დაგვიცავს სექტანტობის საფრთისგან, რომელსაც უცვლელად მიყავს ანტი სისტემური მოძრაობები კრახისკენ.

მესამე — შევქმნათ აქ და ყველგან, პატარა და დიდ მასშტაბში ალტერნატიული დეკომოდიფირებული წარმოების საშუალებები. ამ პროცესის მიმდინარეობის დროს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ წარმოდგენა პლიუსებისა და მინუსების შესახებ სხვადასხვა კონკრეტული ვარიანტებისა და მოვახდინოთ დემონსტრირება, იმისა რომ არსებობს სხვა გზები სტაბილური და გონივრული წარმოებისთვის, გარდა მოგების სურვილისკენ სწრაფვისა, როგორც ეს ახლაა ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში.

მეოთხე რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ — მონაწილეობა დისკუსიებში მორალის შესახებ, უკეთ შევიცნოთ მორალური ხარჯები ამ ან სხვა კონკრეტული ვარიანტის სტრატეგიისა, გავიგოთ, რა არის აუცილებელი ბალანსის მისაღწევად ალტერნატიული წარმატებული სცენარების რეალიზაციას შორის.

მთავარი ამოცანა, რომელსაც ჩვენ ვსვავთ საკუთარი თავისა და საკუთარი სინდისის წინაშე — ეს არის ბრძოლა მსოფლიოში სამი ძირითადი ტიპის უთანასწორობის წინააღმდეგ. უთანასწორობა გენდერის, უთანასწორობა კლასების და უთანასწორობა რასის/ნაციონალობის/რელიგიის. ეს ყველაზე რთულია ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს შორის, რამდენადაც არცერთი ჩვენთაგანი არ არის უცოდველი და სრულყოფილი. გარდა ამისა დაბრკოლებად ამ ბრძოლაში ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო მსოფლიო კულტურა.

ბოლოს, ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ, როგორც ჭირს იდეას იმის შესახებ, რომ ისტორია ჩვენ მხარეზეა და რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ გონივრულ და სამართლოან საზოგადოებამდე ამა თუ იმ დღეს. ისტორია არავის მხარეს არ არის. ასი წლის შემდეგ, ჩვენმა შთამომავლებმა შეიძლება ინანონ ყველაფერი ის რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენი შანსები მსოფლიო სისტემის აშენებისა, უფრო სასურველის, ვიდრე ის არის რომელშიც ახლა ვცხოვრობთ საუკეთესო შემთხვევაში შედგება 50-50-ზე. მაგრამ ეს 50-50-ზე ბევრია. ჩვენ უნდა ვცადოთ ხელი ჩავავლოთ წარმატებას კუდში, მაშინაც კი თუკი ის ცდილობს ხელიდან გაგვისხლტეს. რა შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო ვიდრე ეს?

Реклама
Posted in: Uncategorized